ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
კახეთი

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში. იგი მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და სამ ბუნების ძეგლს - არწივის ხეობას, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებსა და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყეს. მისი ტერიტორია მოიცავს პანტიშარა-ვაშლოვანის მასივს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 300 - 600 მეტრს შორის მერყეობს. საკმლის ხის ვაშლის ხესთან ბუნებრივი მსგავსებისა და ხეთა განლაგებიდან, რაც ხეხილის ბაღის ასოციაციას იწვევს, გამომდინარეობს სახელწოდება „ვაშლოვანი“. მისი საერთო ფართობი 35053,7 ჰექტარს შეადგენს.

ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროში. ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, არსებულ ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და აირჩიოს არსებული ტურისტული მარშრუტებიდან მისთვის სასურველი.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ვიზიტამდე აუცილებელია ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციის გავლა. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე?

მანძილი:

  • ქ. თბილისიდან დედოფლისწყარომდე 130 კმ (2 სთ ავტომობილით).

მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით:

  • ორთაჭალის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსი გადის ყოველდღე, საათში ერთხელ  (7 ლარი, 2 სთ);
  • მეტრო „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიკროავტობუსი გადის  ყოველდღე (8 ლარი, 1 სთ და 30 წთ).

საკონტაქტო პირი:

ხათუნა ქოქუაშვილი, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ.: 577 10 18 49; ელ-ფოსტა: khatunakokuashvili@yahoo.com

მერაბ ფიროსმანიშვილი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დირექტორი
ტელ.: 577 10 18 50; ელ-ფოსტა: mpirosmanishvili@apa.gov.ge

ლიკა კალმახელიძე, ეკოტურიზმის სპეციალისტი, ცენტრალური ოფისი
ტელ.: 577 90 72 72, *8888; ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge

ვაშლოვნის ეროვნულ პარკში 7 ტურისტული ბილიკია:

1. არწივის ხეობა:

 

/ 7–8 კმ, 1 დღე, სამანქანო - ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, საშუალო სირთულის /

მარშრუტი იწყება არწივის ხეობის შესასვლელთან. პირველად ვიზიტორები საინფორმაციო ცენტრში მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას დაცული ტერიტორიების შესახებ, აქედან ბილიკი მიემართება კირქვიანი კლდეების გასწვრივ და მიდის კლდის ძირებთან, სადაც სეზონურად შესაძლებელია იშვიათი ენდემური მცენარის - კახეთის მაჩიტას ნახვა. მნახველი განცვიფრებაში მოჰყავს კირქვიან კლდეზე ყოველგვარი ნიადაგის გარეშე ამოსულ მწვანედ მოხასხასე თეთრ ყვავილს, რომელსაც სასიცოცხლოდ ასეთი მკაცრი გარემო აურჩევია. შემდეგ ბილიკი მიემართება ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებული გადასახედებისკენ საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე მონავარდე ორბების თვალიერება საოცარ განცდას იწვევს მნახველში. მათ გარდა ხეობაში კიდევ 9 სახეობის მტაცაბელი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. მტაცებლების გარდა არწივის ხეობაში სხვა გამორჩეული სილამაზის ფრინველებსაც შეხვდებით, მათ შორის კოლხურ ხოხობს და შავ ყარყატს.

ასევე, შესაძლებელია შუა საუკუნეების ციხე-ქალაქის - ხორნაბუჯის ნანგრევების დათვალიერება. ხორნაბუჯზე მისასვლელად ტყეში გამავალ ვიწრო გზაზე უნდა გავიაროთ, რომელიც ზაფხულში ბუნებრივ გვირაბს გავს. ერთ ადგილზე “გვირაბი” მოულოდნელად ფართოვდება და ციცაბო კლდეზე შეზრდილი V საუკუნის ციხე იპყრობს ყურადღებას. შესაძლებელია ავტომობილის ციხის ქვემოთ არსებულ ვაკობზე გაჩერება. აქ იწყება საფეხმავლო მარშრუტი ციხე-სიმაგრეზე. ციხე-სიმაგრიდან ხელისგულივით მოსჩანს ალაზნის ველი და აღმოსავლეთ კავკასიონი. ციხის დაბლა მოწყობილ საპიკნიკეზე სტუმრებს შეუძლიათ ისადილონ და ავტომობილებით გაემართონ წმ. ელიას მთისკენ. მთაზე ასვლისას იწყება საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც კირქვიან კლდეზე, 45 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, კირქვითვე ნაშენი წმ. ელია თეზბიტელის ტაძრისკენ მიემართება. ტაძარი სავარაუდოდ VI საუკუნეშია აშენებული, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში ის დაუნგრევიათ და 2008 წელს დასრულდა მისი აღდგენა. ტაძრიდან აღმოსავლეთით მოჩანს “ქოჩების ტბა” და შირაქის ველი, ხოლო სამხრეთით – ტარიბანას ველი და კოწახურას ქედი.

 

2. პანტიშარა - დათვისხევი:

/ 120 კმ, 1 დღე, სამანქანო - ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, საშუალო სირთულის /

მარშრუტი იწყება ქ. დედოფლისწყაროდან და მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით ვაშლოვანის დაცვის სადგურისკენ. ვაშლოვანის სამცველოსთან მისული ვიზიტორების თვალწინ მოულოდნელად იშლება შირაქის ველის ერთფეროვანი რელიეფისგან მკვეთრად განსხვავებული, ველური სიცოცხლით სავსე ვაშლოვანის ქვაბული, რომელიც მორთულია რელიქტური ხე-მცენარეებით – დიდრონი საკმლის ხეებითა (საღსაღაჯები) და მარადმწვანე ღვიებით. ამ ადგილას მოწყობილია საპიკნიკე, სადაც შესაძლებელია წახემსება და ადგილობრივი ხედებით ტკბობა.

დაცვის სადგურიდან მარშრუტი მიემართება პანტიშარას ხეობისკენ. ხეობისკენ მიმავალი გზა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ ორი ლანდშაფტის მიჯნას წარმოადგენს: გზის მარჯვენა მხარეს მოჩანს ქსეროფიტული ბალახეულობით დაფარული, ნაზი კონტურების მქონე ნაგომრების ქედი, ხოლო მარცხენა მხარეს – გზიდან 50-70 მეტრის ქვემოთ, ციცაბო ფერდობებით გამოყოფილი, არიდული ტყით დაფარული და ღრმა ხეობებით დაქსელილი ვაშლოვანის ნაკრძალი. ქედის თხემზე მიმავალი გზა თანდათანობით ქვემოთ ეშვება და ჩადის პანტიშარას ვიწრო ხეობაში, რომლის ორივე მხარეს აღმართულია ციხესიმაგრეების მსგავსი შვეული კლდეები, რომლებზეც მერცხლებს უამრავი ბუდე აუშენებიათ და სწორედ ამიტომ, ამ ადგილს „მერცხლების ქალაქი“ეწოდება

სამხრეთისაკენ ხეობა თანდათან ფართოვდება და „ალესილების“ ვრცელი პანორამა იშლება, ეს ადგილები მტაცებელი ფრინველების დათვალიერების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა. აქედან მარშრუტი ისევ ხეობაში ბრუნდება და მისი შენაკადისკენ - “დათვის ხევისკენ” იღებს გეზს. „დათვის ხევი“-ს დასაწყისში მოწყობილია საპიკნიკე და ავტოსადგომი, სწორედ აქედან იწყება საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც ღრმად შედის ხევში და მის ფერდობებში გაშიშვლებულია განამარებული ზღვის მოლუსკები, რაც ამ ადგილზე ოდესღაც ზღვის არსებობას ადასტურებს. მარშრუტის მთავარი სანახაობა სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვლებია, მათ შორის ყველაზე დიდი 87 სმ-ს აღწევს და კარგად წარმოაჩენს მილიონი წლის წინ მცხოვრები ძუძუმწოვრის გიგანტურ ზომას. აქვე შესაძლებელია დათვის, მგლის, გარეული ღორის, ფოცხვერის ნაკვალევის ნახვაც.

 

3. ტახტი - ტეფას ტალახის ბილიკი:

/ 110 კმ, 1 დღე, სამანქანო, საშუალო სირთულის /

არაორგანული ბუნების ეს ძეგლი დალის მთის მახლობლად მდებარეობს და განსხვავებულია ყველაფრისგან, რისი ნახვაც კი საქართველოში შეიძლება. ამ ტალახოვანი ვულკანის მნახველს ისეთი შეგრძნება ეუფლება, რომ არათუ სხვა ქვეყანაში, არამედ სხვა პლანეტაზე მოხვდა.

ვულკანი მოთეთრო, ბრტყელთხემიანი ბორცვია, რომელიც გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. სასუნთქებიდან და კრატერებიდან მუდმივად ინთხევა და ჟონავს სამკურნალო თვისებების მქონე აირი, ნავთობი და ტალახი.

ზედაპირზე გვხვდება სხვადასხვა ჰალოპიტის ცალკეული წარმომადგენლები: Kalidium caspicum, Suaeda sp. Petrosimonia brachiata, Gamenthus pilosus, Limonium meyeri, და სხვა, მაშინ, როდესაც ვულკანის ფერდობები დაფარულია ნახევრად უდაბნოს ფიტოცენოზებით.

 

4. კაკლისყურე - ალაზნის ჭალა:

 

/ 150 კმ, 1 დღე, სამანქანო, საშუალო სირთულის /

კაკლის ყურე წარმოადგენს ნახევარკუნძულის ფორმის მქონე მდინარე ალაზანში შეჭრილ ყურეს. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 204-ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყეები, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ბუნებრივი ვრცელი ჰაბიტატი, სადაც გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები შემორჩა. სახელწოდება ,,კაკლის ყურეც" აქედან უნდა მომდინარეობდეს.

ალაზნის ჭალის დათვალიერების შემდეგ შესაძლებელია წახემსება საპიკნიკე ადგილას და დედოფლისწყაროში დაბრუნება. გზა ჯერ თხემს მიუყვება, სადაც აპრილის თვეში შესაძლებელია ველის იორდასალამით მოფენილი ფერდობების ნახვა, შემდეგ შედის სოფლებში – ქვემო ქედში, არხილოსკალოსა და ზემო ქედში, გადაკვეთს შირაქის ველს და ბრუნდება დედოფლისწყაროში.

5. მიჯნისყურე შავი - მთა: 

/ 220 კმ, 2 დღე, სამანქანო, ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, რთული /

პანტიშარის ხეობიდან გზა ნაკრძალის საზღვარს მიუყვება და ერთმანეთისგან მკვეთრად

განსხვავებული ორი ლანდშაფტის მიჯნას წარმოადგენს: გზის მარცხენა მხარეს მოჩანს ქსეროფიტული ბალახეულობით დაფარული, ნაზი კონტურების მქონე ნაგომრების ქედი, ხოლო მარჯვენა მხარეს – გზიდან 50-70 მეტრის ქვემოთ, ციცაბო ფერდობებით გამოყოფილი, არიდული ტყით დაფარული და ღრმა ხეობებით დაქსელილი ვაშლოვანის ნაკრძალი. აქვეა მოწყობილი გადასახედი. გადასახედიდან გზა ქედის თხემს მიუყვება, გაივლის ვაშლოვანის დაცვის სადგურს და ეშვება ჩიღოელთ ხევში, რომლის ნათელი ტყით დაფარული ფერდობები გაზაფხულობით სავსეა ულამაზესი კვირიონებით, ყაპყაპებით და მოლაღურებით. აქედან გზა ნათლისწყლის ხეობაში გადადის. ხეობაში წყალი მუდმივად არის, თუმცა ზოგ ადგილზე ის მიწისქვეშ მიედინება, ზოგან კი მიწის ზემოთ ამოდის და წვრილი ფრინველების საყვარელ თავშეყრის ადგილს ქმნის. სწორედ ასეთ ადგილზე მდებარეობს სასაზღვრო პუნქტი, რომლის გავლის შემდეგ გზა კაკბებით მჭიდროდ დასახლებული „უსახელო“-ს გადასახედისკენ მიემართება, საიდანაც მოსჩანს ბედლენდების ვრცელი მასივი, რომელსაც “ალესილებს” უწოდებენ. გადასახედიდან გზა თანდათან ქვემოთ ეშვება და ალაზნის ჭალაში ჩადის.

ღამის გათევა ადგილზე არსებულ ღამის სათევებში არის შესაძლებელი. მეორე დღეს ტური მიემართება შავი მთისკენ. სადაც საჭიროა ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელამდე მისვლა. იქიდან გზა იმედას ხეობაზე გადის და უახლოვდება კოლხური ხოხბის საბინადრო – შავი მთის ტყეებს. აქვეა საპიკნიკე და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საფეხმავლო მარშრუტით შავი მთის მონასტრამდე მისვლა.

ბილიკი პატარა ქედის თხემზე გადის, რომლის მარცხენა მხარეს ფართოფოთლოვანი ტყე მოჩანს, ხოლო მარჯვნივ ალაზნის ველი და მინგეჩაურის წყალსაცავი. ბილიკი ძველი მონასტრის ადგილზე წყდება, სადაც IV-V საუკუნის ტაძრის იატაკის და საძირკვლის მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. კარგი ამინდის შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც აორთქლება ნაკლებია და ჰაერი გაწმენდილია, შესაძლებელია კავკასიონის ქედის დანახვა.

6. მიჯნისყურე სპორტული - თევზაობა:

/ 160 კმ, 2 დღე, სამანქანო, რთული /

სპორტული თევზაობის მოყვარულებს მიჯნისყურეში, მდინარე ალაზანზე, თევზაობა ადგილზე დაშვებულია ანკესითა და ბადით. მდინარე ალაზანზე თევზის, დაახლოებით, 20-მდე სახეობა ბინადრობს.

თევზაობისათვის საუკეთესო სეზონია გაზაფხული და შემოდგომა. ალაზანში მრავლად არის ლოქო, კობრი, ფარგა, შამაია, ღორჯო, წვერა, კავკასიური ქაშაყი. ეს იმ თევზების ჩამონათვალია, რომლებსაც მეთევზე ვიზიტორები იჭერენ მდინარეზე, გაზაფხულობით და შემოდგომით. ღამის გათენება შესაძლებელია ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ ღამისსათევებში.

 

7.  ბუღა მოედანი - შავი მთა:

/ 200 კმ, 2 დღე, სამანქანო - ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, საშუალო სირთულის /

მარშრუტი იწყება ქ. დედოფლისწყაროდან და ჩაუყვება პანტიშარის ხეობას. უმშვენიერესი ლანდშაფტებისა და კლდოვანი მასივის - „ალესილების“ დათვალიერების შემდეგ, ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ნახონ სრულიად განსხვავებული ეკოსისტემა. იშვიათია ადგილები, სადაც ადამიანს ერთდროულად შეუძლია იმყოფებოდეს ნახევრადუდაბნოში, ხოლო უკანა ხედზე კი ხედავდეს კავკასიონის თოვლიან მთებს.

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.