მოდინახეს ციხე იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ნიკო დადიანის "ქართველთ ცხოვრება", ქართული ისტორიული საბუთები, იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში"
ვახუშტი ბაგრატიონი მოდინახეს შესახებ გადმოგვცემს: "საჩხერის პირისპირს, ყვირილის ჩრდილოთ არს, მაღალს კლდესა ზედა, ციხე მოდამნახე, მოზღუდვილი კლდითა, მაგარი და უბრძოლველი მტრისაგან"
მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, საჩხერიდან ჩრდილოეთით, 1 კმ-ის დაშორებით, საჩხერესა და სოფ. დუნთას შორის, რაჭის ქედის დაბალ ქიმზე.
ციხე იყო ფალავანდიშვილებისა და შემდეგ საჩხერელი წერეთლების რეზიდენცია. 1735 წ. მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა მეფე ალექსანდრე V-ის (1720-1740, 1741-1752) წინააღმდეგ აჯანყებული პაპუნა წერეთელი. ალექსანდრემ ციხე რამდენჯერმე უშედეგოდ დალაშქრა. 1766 წ. იმერეთში ოსმალთა ლაშქრობისას მეფე სოლომონ I (1752-1784) თავის ოჯახით მოდინახეს გაიხიზნა. 1767 წ. წერეთლების საგვარეულომ "საძმო ციხე" მოდინახე მეფეს გადასცა. 1776 წ. წერეთლების გაყრისას მოდინახეს ციხე პაპუნა წერეთელს დარჩა. 1779 წ. რუხის ბრძოლაში მოპოვებული ნადავლი - ორი ზარბაზანი, სოლომონ I-მა მოდინახეს ციხეს უძღვნა. 1810 წ. იმერეთის აჯანყების დროს მოდინახეს ციხე ამბოხებულებს ეკავათ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ციხეში რუსის ჯარი ჩადგა.
მოდინახეს შესახებ არსებობს ლეგენდა. თავად პაპუნა წერეთელს მოსწონებია თავად აბაშიძის ასული და მისთვის დამოყვრების სურვილი შეუთვლია. დავით აბაშიძეს შუამავლისთვის დაცინვით უთქვამს უციხო წვივშავიძეს ქალს როგორ მივცემო. გაბრაზებულ თავადაზნაურობას დავითზე გალაშქრება შეუთავაზებია პაპუნასათვის, მაგრამ პაპუნამ ძმათა სისხლის ღვრას ოფლის ღვრა ამჯობინა და დაუწყია ციხის შენება. როცხა დაუმთავრებია, დავითისათვის შეუთვლია "მოდი, ნახეო" და დარქმევია ციხეს მოდინახე.
1961 წელს მოდინახეს ციხის სამხრეთ ფერდზე გზის გაყვანის დროს დაზიანდა სხვადასხვა ეპოქის ფენები. იქ აკრეფილი მასალის ნაწილი დაიკარგა, ნაწილი ინახება საჩხერისა და სოფ. ქორეთის საშუალო სკოლების მუზეუმებში. მანამდე, ხვნის დროს სოფ. დუნთის მცხოვრებლები პოულობდნენ კერამიკის ფრაგმენტებს, ლითონის იარაღსა და სამკაულებს. 1966-1970 წწ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ჯ. ნადირაძე) მოდინახეს ციხის სამხრეთი ფერდის გათხრებისას გამოავლინა სამი ფენა: პირველ ფენაში მოპოვებულია ძირითადად ხელით ნაძერწი, სქელკედლიანი, ორ-სამფენიანი კეცის მქონე, მონაცისფრო ან ვარდისფერსარჩულიანი ზედაპირანგობირებული და გაპრიალებული დიდი ზომის ჭურჭლის ნატეხები და მასიური ყურები. ფრაგმენტების ნაწილი შემკულია ტალღისებური სარტყლებით ან ჩაღტმავებული ხაზებისაგან შედგენილი სპირალებით. კერამიკა თარიღდება ადრებრინჯაოს ხანით.
მოდინახეს სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი და შესწავლილია ადრეანტიკური, ელინისტური, გვიანანტიკური ხანის სამარხები.
ადრეანტიკური და ელინისტური სამარხებისათვის დამახასიათებელია ოვალური ორმოსამარხი, ზოგჯერ გვერდზე შემოწყობილი ქვებითა და დაფარული ქვაყრილით. მიცვალებული დაკრძალულია ძლიერ მოხრილ პოზაში მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთით ან სამხრეთით. ადრეანტიკურ სამარხებში გამოვლენილია პირმოყრილი და პირგადაშლილი ბრტყელძირიანი ფიალები, ცალყურა ხელადები, ფართოკორპუსიანი ხელადები, ყურმილიანი დოქები, ყურიანი ქოთნები, სარძევეები, ხელადები, დიდი ზომის ჩაფები, ვერცხლის საკისრე რკალი, თავგახსნილი სამაჯური, ოქროს სხივანა საყურეები, ოქროს მძივები და ვერცხლის კოლხური მონეტები.
სამარხი N4 მდებარეობდა მიწის ზედაპირიდან 1,6 მ სიღრმეზე. ოვალური ფორმის ორმოს იატაკი მოკირწლული იყო კირქვის მცირე ნატეხებით. მიცვალებული ესვენა მარცხენა გვერდზე ძლიერ მოხრილ პოზაში, თავით დასავლეთით. მარჯვენა ხელის მტევანი იდო მუცლის არეში, მარცხენა გაშლილი ჰქონდა ბარძაყის გასწვრივ. სამარხში აღმოჩნდა: თიხის შავად და რუხად გამომწვარი ჯამები, ლეგა-მოწითალო ფერის ყურიანი ქოთანი და ყურმილიანი ხელადა, მოყვითალო კეციანი დოქი, რკინის ბურთულებიანი სამაჯური, ოქროს სხივანა საყურეები, ოქროს 36 მძივი. ვერცხლის 4 კოლხური მონეტა მიცვალებულს პირში სქონდა ჩადებული.
მოდინახეს სამხრეთ ფერდობზე გაითხარა 40-მდე გვიანანტიკური ხანის სამარხი, ჩაშვებული გვიანბრინჯაოს ხანის ფენაში, სამარხები მართკუთხა ფორმის ორმოებია ან ორმოსამარხები, ცალპირა ქვის მშრალი წყობით შემოზღუდული. მიცვალებულთა დაკრძალვის პოზა სხვადასხვაა. ძლიერ მოხრილ-მოკრუნჩხული პოზა მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთით. ერთი შემთხვევაა წყვილადი დაკრძალვისა, სადაც ერთი მიცვალებული დამარხული იყო გაშოტილი, მეორე მოკრუნჩხული, მარცხენა გვერდზე თავით დასავლეთით.
სამაროვანზე გამოვლენილი სამარხეული ინვენტარი მრავალფენოვანია, კერამიკა წარმოდგენილია: კარგად განლექილი თიხისაგან დამზადებული ზედაპირნაპრიალები, მრგვალპირიანი ან სამტუჩა დოქებით, აგრეთვე მსხლისებურტანიანი დოქებით; დიდი ზომის მგვალმუცლიანი, დაბალყელიანი ორყურა ჩაფებითა და სხვ. საომარი იარაღიდან გვხვდება: ორპირლესული სატევრები; მასრაგახსნილი შუბისპირები, ოდნავ მოხრილი დანები და ისრისპირები. ლითონის ჭურჭლიდან აღსანიშნავია: ვერცხლის სურა და სხვადასხვა ორნამენტით შემკული თასები. სამკაულები რკინის, ბრინჯაოს. ვერცხლისა და ოქროსია. საყურეებში 7 ტიპი გამოიყოფა, ბეჭდებში 4 ტიპი. გემებზე გამოსახულია: არწივი, თხა, გორგონას თავი და მონადირე. გვხდება ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, ქინძისთავები, ოქროს ღილები, კილიტები. მძივები მინის, პასტის, გიშრისა და სარდიონისაა. ოქროს მონეტები ეკუთვნის კონსტანტინე დიდს (306-337) და კონსტანციუს II-ს (337--361)
ციხის შიდა ტერიტორიაზე გაჭრილ სადაზვერვო თხრილებში 3მ სიღრმეზე აღმოჩნდა ადრეანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი პირმოყრილი ჯამები და კოლხური სასმისების ფრაგმენტები. აგრეთვე კარგად გათლილი ქვის კვადრები. ჩანს, ადრეანტიკურ ხანაში ამ ადგილზე იდგა ქვათლილებით აგებული შენობა - სავარაუდოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომლის ადგილზე მოგვიანებით აიგო მოდინახეს ციხე. არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ციხის შემორჩენილი კედლები საფუძვლამდე დაინგრა 1991 წ. 29 აპრილის მიწისძვრის შედეგად.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).
ავტორი: გურამ ხარშილაძე