ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ლიხის ქედი
შიდა ქართლი
ლიხის ქედი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქარ­თველოს შორის, თბილისიდან 120 კმ-ზე მდებარეობს. იგი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ბარიერია. მასზე გადის ნოტიო და მშრალი სუბტროპიკების, შავი და კასპიის ზღვების მდინარეთა აუზების, რამდენიმე ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის საზღვარი. ლიხის ქედი კავკასიონსა და მცირე კავკასიონსაც აკავშირებს. მისი უმაღლესი მწვერვალია მთა რიბისი, რომელიც ზღვის დონიდან 2471 მ-ზე მდებარეობს. ქედის დასავლეთ კალთებზეა საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი.
ლიხის ქედი 100 კმ-ზეა გადაჭიმული და ტექტონიკურად რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ჩრდილო ნაწილი ეკუთვნის კავკასიონს, ცენტრალური _ ძირულის კრისტალურ მასივს, ხოლო სამხრეთი _ მცირე კავკასიონს. ქედის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში ნალექების რაოდენობა საფეხურეობრივად იზრდება და თხემურ ნაწილში (საშუალოდ 1200 მმ) თითქმის ორმაგდება. ამგვარი ვითარება განაპირობებს ლანდშაფტურ მრავალფეროვნებას. მის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ლანდშაფტია წარმოდგენილი, რაც თვალსაჩინოა ქედთან მიახლოებისა და გადაკვეთისას. 
ლიხის ქედი ქარის რესურსებით გამოირჩევა. აქ, მთა საბუეთის (1248 მ.) მიდამოებში აღირიცხა საქართველოში ქარის ყველაზე მაღალი საშუალო წლიური სიჩქარე _ 8 მ/წმ. 
ადგილობრივი მცხოვრებნი ხატოვნად აღწერენ ლიხის ქედის მნიშვნელობას: ლიხის ქედი საქართველოს დედაა, რომლის ერთ ძუძუს მდ. მტკვარი, ხოლო მეორეს რიონი წოვს. მის თხემზე წვეთი წყალი შუაზე იყოფა _ ერთი ნახევარი შავ ზღვაში მოდის, მეორე ნახევარი კი კასპიის ზღვაში. 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.