გოდერძის განამარხებული ფლორა
გოდერძის განამარხებული ფლორა გოდერძის უღელტეხილის (ზღვის დონიდან 2025 მეტრი) სიახლოვესაა წარმოდგენილი. იგი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, არსიანის მერიდიანული მიმართულების ქედზე მდებარეობს.
ქედის გეოლოგიური ისტორია წყალქვეშა ვულკანიზმს უკავშირდება, რის გამოც იგი„ გოდერძის წყლების“ სახელით ცნობილი ვულკანოგენური ქანებითაა აგებული. მის აღმოსავლეთ ნაწილშია აღმოჩენილია მესამეულის განამარხებული ფლორის ფრაგმენტები, რაც მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების უნიკალური ძეგლია.
განამარხებული ფლორა რამდენიმე მილიონი წლის წინანდელ ვულკანიზმს უკავშირდება. ვულკანურმა ფერფლმა და ლავამ გადაფარა მძლავრი ტროპიკული ტყე, რომელშიც ათეულობით სახეობის ხემცენარე იყო წარმოდგენილი. ტროპიკული ტყის ბედს პომპეისას ადარებენ. აქ წარმოდგენილია ქვედაპლიოცენური ასაკის მცენარეების (პალმა, მაგნოლია, დაფნა, არყი, რცხილა, წიფლისებრნი და სხვ.) ნაშთები, გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ხეების, აგრეთვე ფოთლების ანაბეჭდების სახით.
გოდერძის განამარხებული ფლორა პალეოგეოგრაფიისა და მცენარეთა ევოლუციის საუკეთესო ნიმუში აღმოჩნდა. მისი მეშვეობით დადგინდა, რომ იმ პერიოდში კავკასიის ტერიტორიაზე ნოტიო ტროპიკული სარტყლისთვის დამახასიათებელი ჰავა და მცენარეულობა დომინირებდა. ტყეებში გვხვდებოდა როგორც მარადმწვანე, ისე ფოთოლმცვივანი სახეობები, ბუჩქნარები და ლიანები, გვიმრისნაირები და ბალახოვნები. ამჟამად ამგვარი ტყეები იაპონიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული.
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"