ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
იმერეთის ტურისტული პოტენციალი: საჩხერე, აკაკის სახლმუზეუმი, მოდინახეს ციხე, სოფელი სხვიტორი, სოფელი კორბოული
იმერეთი
საჩხერე იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ბერი ეგნატაშვილის "ახალი ქართლის ცხოვრება", ნიკო დადიანის "ქართველთ ცხოვრება", იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში", ჟან შარდენ "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში", XVII-XVIII  სს-ის ისტორიული საბუთები.
 
ვახუშტი ბაგრატიონი საჩხერის შესახებ გადმოგვცემს: "ჯრუჭის შესართავს ზეით, ყვირილას სამხრით კიდეზედ, არს საჩხერე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ"

აკაკის სახლმუზეუმი

მდებარეობს ზემო იმერეთში, მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე, ქ. საჩხერის ტერიტორიაზე.
 
გვიან შუა საუკუნეებში საჩხერეში წარმოადგენდა წერეთლების სათავადო ცენტრს. XII ს-ში ზემო იმერეთის ტერიტორია რაჭის ერისთავს ეკუთვნოდა. XVII ს-ში აქ გაძლიერდა აბაშ აბაშიძე. XVIII ს-ში აბაშიძეთა გავლენა დაეცა და გაძლიერდა საჩხერელი წერეთლების შტო, რომლის წარმომადგენელს, პაპუნა წერეთელს მიაწერს ლეგენდა მოდინახეს ციხის აგებას 1710 წლისათვის. 1614 წ. შაჰ-აბასისაგან დევნილ ქართლ-კახეთის მეფეებს თეიმურაზ I-სა და ლუარსაბ II-ს საჩხერეში, წერეთლების სასახლეში შეხვდა იმერეთის მეფე გიორგი III. 1695 წ. ქართლის მეფე გიორგი XI მივიდა საჩხერის წერეთლების სასახლეში. 1738 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ მოინდომა საჩხერისა და მისი ციხის "მოდინახეს" ხელში ჩაგდება, რისთვისაც პაპუნა წერეთელი და მისი სიმამრი დავით აბაშიძე ვარციხეში მუხანათურად დახოცა, მაგრამ საჩხერე თავისი ციხით ისე გაამაგრეს პაპუნას ძემ და სახლიკაცებმა, რომ მეფემ ის ვერ აიღო. 1766 წ. წულუკიძეებსა და აბაშიძეებისაგან შევიწროვებული და თურქთაგან დევნილი იმერეთის მეფე სოლომონ I თავს აფარებდა საჩხერეში, წერეთლების ციხესიმაგრეში. 1790 წ. საჩხერეში წერეთლებთან, მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მეფე სოლომონ II.
 
 
 
მოდინახეს ციხე - ფოტო ვაჩე რაინდელი
 
საჩხერესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი საინტერესო ძეგლია გამოვლენილი. XIX ს-ის 70-იან წლებში საჩხერის მუნიც-ის შემთხვევით აღმოჩენებს ყურადღება მიაქცია დ. წერეთელმა (აკ. წერეთლის ძმამ). 1904 წ. სოფ. არგვეთში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს ქამრის ოთხკუთხა ბალთა. მასთან იყო ცხენის თავებით შემკული ბრინჯაოს სამკაული და დუგმისებური რგოლი. ბალთა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 1909 წ. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ილ. გამყრელიძემ გადასცა საჩხერეში აღმოჩენილი სპილენძის ცული. 1910 წ. საჩხერეში გ. გამყრელიძის ვენახში აღმოჩნდა სპილენძის ნივთები. აღმოჩენის ადგილი იმავე წელს შეისწავლა ექ. თაყაიშვილმა. ნივთები მომდინარეობდა ქვაყრილიანი ყორღანიდან. ქვაყრილში გამოვლინდა შავზედაპირიანი, ვარდისფერსარჩულიანი კერამიკის ფრაგმენტები. სპილენძის ნივთები შედგებოდა: 8 სპილენძის ცულის, 8 სპილენძის დანის, 5 სპირალური სამაჯურის, 2 ფირფიტოვანი სამაჯურის, 1 ფიბულის, ქინძისთავების რგოლების, სამაჯურის ნატეხების, სპილენძის 6 კვერცხისებრი საკიდისა და სხვადასხვა საკიდისაგან. ექ. თაყაიშვილმა აღნიშნული ნივთები სპილენძის ხანით დაათარიღა და აღნიშნა, რომ ის წინ უსწრებდა ყობანურ კულტურას. ნივთები გადაეცა კავკასიის მუზეუმს. საჩხერის ტერიტორიიდან აღსანიშნავია შემთხვევით მოპოვებული ბრინჯაოს ერთწილადი ფიბულა. 1938 წ. სოფ. კალვათაში აღმოჩნდა განძი, რომელიც შედგებოდა ბრინჯაოს 6 თოხის, 2 "კოლხური ცულის", 1 "აღმოსავლურ-ქართული ცულის", 20 კგ. ბრინჯაოს ზოდებისაგან (დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში). 1950 წ. სოფ. საირხეში აღმოჩნდა კირქვაში გამოქანდაკებული ლომის თავო. 1951 წ. სოფ. დარყაში აღმოჩნდა ბრინჯაოს ქანდაკებები ცხოველის ფიგურების გამოსახულებით და ბრინჯაოს რგოლი. სოფ. ქორეთში, სხვადასხვა უბანში აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: 1952 წ. შარვაძეების უბანში მასრაგახსნილი შუბისპირი ბრინჯაოსი, სკვითური ისრისპირები (2ც), ორწილადი ბრინჯაოს ფიბულა, კოლხური ცულის იმიტაცია, ბრინჯაოს რგოლი. 1957 წ. "ოხზიარას" ფართობში დანგრეულ სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს 2 ტარშეურჩენელი სატევარი, მასრაშეკრული შუბისპირი, 2 თავხვია საკინძი, ქამრის ბალთა, საკიდი, წვრილი მავთულის სამაჯური, 22 სხვადასხვა ფორმის ნაპობი სარდიონის მძივი. 1956 წ. სოფ. დურევში, ადგილ "ნავენახარში" ნაპოვნია სხვადასხვა ეპოქის იარაღი და სამკაული, ბრინჯაოს 2 შუბისპირი, 4 ხელშუბისპირი, სატევარი, კოლხური ცული, სპილენძის ყუამილიანი ცულები, გრძელი თ-ს მაგვარი საკინძეები და სხვა. 1954 წ. სოფ. პერევში აღმოჩნდა განძი, რომელიც შედგება ორი ბრინჯაოს "კოლხური ცულისაგან" და 1 "აღმოსავლურ-ქართული" ცულისაგან, მასური რგოლისაგან. სოფ. ჯრიაში აღმოჩნდა ბრინჯაოს კვერთხი, დამუშავებული რქის ძირი, თიხის სასმისი. შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს 2 რგოლი, ოთხბურთულათავიანი საკინძი, მინის 6 მძივი. 1956 წ. საირხეში, ადგილ სახოველში მეწყრის ჩამოზვავების ფენაში აღმოჩნდა ირმის 2 სქემატური ქანდაკება, 2 ზარაკი, ზანზალაკი, სპირალური ხვია. 1957 წ. სოფ. სპეთში აღმოჩნდა ცხოველის თავის ქანდაკება დიდრონი რქებით. საჩხერის მუნიც-ში შემთხვევით აღმოჩენილია 7 ბრინჯაოს ბრტყელი სწორკუთხა ბალთა, შემკული ცხოველის ფიგურებით. აქედან 1 არგვეთში, 3 ქორეთში, 1 ჭალაში, 1 საჩხერეში, 1 სპეთში. შემთხვევითი აღმოჩენებია სოფ. ბაჯითში (ყორღანი), ივანწმინდაში და სხვა.
 
 
 
სოფელი სხვიტორი - ფოტო ბადრი ვადაჭკორია.
 
სოფ. სარეკის ტერიტორიაზე, რომელიც საჩხერიდან 4 კმ-ის დაშორებით, ყვირილა-ჯრუჭის შესართავთან მდებარეობს, 1959-1960 წწ. გაითხარა სარეკის ეხი. ის წარმოადგენს კლდოვან ფარდულს, რომელშიც პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია სეზონურად. ფენა პალეოლითურ ნაშთებს შეიცავს. აქ აღმოჩნდა კაჟის ნივთები: ზურგმორკალური დანები, საფხეკები. ფაუნიდან აღსანიშნავია: დომბის, შვლის, თხის, კეთილშობილი ირმის, მურა დათვის ნაშთები.
 
საჩხერის შესწავლილი არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია: 1910 წ. ექ. თაყაიშვილის მიერ გათხრილი ყორღანი, ნაჩერქეზევისა და ცარცის გორის ყორღანული სამარხები, მოდინახეს სამხრეთ ფერდზე ნამოსახლარის პირველი ფენა, ქორეთის ყორღანები და სოფ. არგვეთის ნამოსახლარი.
 
ნაჩერქეზევი მდებარეობს საჩხერის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, წარმოადგენს ხელოვნურ დაბალ ბორცვს. მისი ზედაპირი დაფარული იყო ქვაყრილით. რომელშიც გაითხარა სხვადასხვა დონეზე განლაგებული 26 სამარხი. დაზიანების გამო მიცვალებულთა დაკრძალვის პოზის დადგენა ძნელი იყო. ბორცვის ძირზე გამოვლინდა ქვებით ამოვსებული ოთხკუთხა ორმოსამარხი ერთი მიცვალებულით, რომელიც ესვენა მარჯვენა გვერდზე ძლიერ მოხრილ პოზაში. ხელები გულმკერდის არეში ეწყო. სამარხში აღმოჩნდა თიხის 9 ჭურჭელი - შავპრიალა ვარდისფერსარჩულიანი ხელადები, ქილები, ქოთნები, ბადიები, დერგები, სპილენძის უქედო ყუნწიანი სატევრისპირები, სასაფეთქლე რგოლები, თ-ს მაგვარი ქინძისთავები, მარყუჟისებრთავიანი ქინძისთავები, საკიდები ნიჩბისებური და ცხვრის რქისებურად დახვეული თავით, თეთრი ქვის მძივები, სერდოლიკის საკიდი, კაჟის ყუნწიანი და ფუძეამოღარული ისრისპირები, შუბისპირი და სხვა.
 
 
 
სოფ. კორბოული, საჩხერე. -  ფოტო ბადრი ვადაჭკორია.
 
ცარცის გორა მდებარეობს საჩხერის აღმოსავლეთ ნაწილში. შესწავლილ იქნა 1945-1946 წწ. ბ. კუფტინის ხელმღვანელობით. წარმოადგენს ბუნებრივ ბორცვს, საიდანაც მოსახლეობა იღებდა ცარცს და პოულობდა სხვადასხვა ნივთსა და ადამიანთა ძვლებს. ბორცვის თხემზე მოწყობილი იყო 1 მ სიმაღლის ქვაყრილი, სადაც გამოვლინდა ჩაშვებული სამარხები. ბორცვის ქვაყრილების ქვეშ, ცარცოვან გრუნტში, ამოწრილი იყო 2 ორმოსამარხი თითო მიცვალებულით, დაკრძალული მარჯვენა გვერდზე, ძლიერ მოხრილ პოზაში. ერთი დამხრობილი იყო თავით დასავლეთით, მეორე - თავით სამხრეთით. სამარხებში აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: სპილენძის 4 ყუამილიანი ცული, 4 ყუადაქანებული ცული, ტართან ერთად ჩამოსხმული სატევარი, უტარი სატევარი, ოთხწახნაგა ხიშტი, ქინძისთავები, ცალყურა ქოთნები, ბადიები, დერგი. ყორღანები თარიღდება ძვ. წ. XXIV-XXII სს-ით.
 
1945-1946 წწ. ბ. კუფტინის ხელმძღვანელობით 2 ყორღანი გაითხარა ქორეთში. 1955 წ. იქ მუშაობდა თბილისის სახ. უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია. საჩხერის მსგავსად, ყორღანები აქაც ქვაყრილიანია, შედარებით მცირე ზომის ქორეთის ყორღანში აღმოჩნდა ქვის მშრალი წყობა, რომელიც არ იკვრებოდა. ყორღანის ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა დაზიანებული სამარხები, სადაც მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ძლიერ მოხრილი პოზით, მარჯვენა გვერდზე.
 
ქორეთიდან 1 კმ-ის დაშორებით ადგილ პასიეთში გათხრილი ყორღანის სიმაღ₾ე 3 მ-ია, დმ 30 მ. ქვაყრილი ფლეთილი ქვებით იყო გამართული, სამარხები ყორღანის ყრილში ერთმანეთის ახლოს იყო განლაგებული სხვადასხვა დონეზე. ძვლები ფრაგმენტულადაა შემორჩენილი.
 
ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი გაითხარა საჩხერის მუნიც-ის სოფელ. არგვეთში. ძეგლი მდებარეობს მდ. ლაშურას მარცხენა ნაპირზე, ბორცვ "გორაკის" დასავლეთ ფერდზე. 1963-1964 წწ. ძეგლს სწავლობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არგვეთის არქეოლოგიური ექსპერტიზა. არგვეთის ნამოსახლარის ზედა ფენაში და მის ახლო ტერიტორიაზე გამოვლინდა ელინისტური და შუა საუკუნეების ძეგლები: ნასაყდრალი, ლაბაძისეული და ნამარნევი. ლაბაძისეულსა და ნამარნევზე გაითხარა ქვითა და კირხსნარით ნაგები შენობები, გამოვლინდა ქვითკირის საწნახლები. გორაკზე გამოვლინდა აგრეთვე გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკა, ფოთლისებური სატევარი და სხვა. შუა საუკუნეების ფენაში გამოვლენილი მასალა ზოგადად თარიღდება X-XIII  სს-ით. არგვეთის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულით.
 
სოფ. საირხეში, რომელიც საჩხერიდან სამხრეთით 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, 1950 წ. ადგილ "ლომინაურში" აღმოჩნდა კირქვისაგან დამზადებული ლომის თავის ქანდაკება, რომელიც 1951 წ. გადასცეს ბ. კუფტინს. 1957-1958 წწ. აღმოჩენის ადგილზე ჩატარებულმა გათხრებმა გამოავლინა შენობის ნაშთები და კირქვისაგან დამზადებული ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული ნივთები. ექსპედიციამ სატაძრო ნაგებობის დასავლეთით მიაკვლია ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულის და I ათასწლეულის დასაწყისის ნამოსახლარ და სახელოსნო უბანს, რომელიც ვრცელდება დაახლოებით 10 ჰა ფართობზე.
 
საბადურის გორის დასავლეთ ფერდზე გაითხარა 10 სამარხი. მათგან 3 გაძარცული იყო. სამარხები ორი ტიპისაა: ორმოსამარხი და ხის ძელებითა და ქვით ამოშენებული აკლდამისებური ორმოსამარხი. აკლდამისებური სამარხები ორკამერიანია. მათზე მოწყობილი იყო ქვაყრილები. ისინი კოლექტიურია. დამახასიათებელია მიცვალებულებთან ერთად ცხენებისა და ძაღლების დაკრძალვა. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამები გაძარცული იყო ისინი გამოირჩეოდა სამარხეული ინვენტარის სიუხვით.
 
საბადურის გორის დასავლეთ ფერდზე გათხრილ სამარხებსა და ქვაყრილებში გამოვლენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა, ძირითადად თიხის ჭურჭელი და ძვირფასი ლითონის ნაწარმი. თიხის ნაწარმიდან გამოირჩევა იმპორტული ბერძნული კერამიკა: შავლაკიანი ლეკითოსები, შავლაკიანი ფიალები. ადგილობრივი ნაწარმიდან აღსანიშნავია ყურმილიანი ხელადა; შავპრიალა მუცელგამობერილი და პირგაშლილი დოქები, რუხზედაპირიანი, მსხლისებურტარიანი ხელადები; ვერცხლის დიადემები; საკისრე რკალები; გლუვზედაპირიანი და ზურგჩაზნექილი სამაჯურები და სხვ. სამარხებსა და ქვაყრილებში გამოვლინდა ცხენის აღკაზმულობაც.
 
საჩხერისა და მის მახლობელ ტერიტორიაზე შესწავლილ ძეგლებზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).

 
ავტორი: გურამ ხარშილაძე


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.