ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ალიანს ჯგუფი“ საქართველოში დასვენების ფორმულას ე.წ. „გაზიარებული საკუთრება“ ამკვიდრებს
28 თებერვალი, 2018

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფი“ მსოფლიოში დასვენების ყველაზე პოპულარულ ფორმულას ე.წ. „გაზიარებული საკუთრება“ საქართველოში ამკვიდრებს. ინოვაციური და უპრეცედენტო ხელშეკრულება კომპანიამ აპარტამენტების გაცვლით სისტემაში მსოფლიოს ლიდერ კომპანია RCI-სთან გააფორმა.

„ალიანს ჯგუფის“ ინფორმაციით, ამ ხელშეკრულებით იწყება საქართველოში ტურიზმის განვითარების კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც სრულიად შეცვლის ქვეყანაში დასვენების ინდუსტრიისადმი დამოკიდებულებას

ხელშეკრულება „ალიანს ჯგუფში“ შემავალი კომპლექსების აპარტამენტთა მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ „ალიანს ფრივილიჯ კლუბის“ წევრები და მსოფლიოს პრემიუმ კლასის კურორტებისკენ გზა ხსნილი აქვთ.

„RCI-სთან ახალი პარტნიორული შეთანხმების მიხედვით, ჩვენი აპარტამენტების მესაკუთრეებს ვთავაზობთ „ალიანს ფრივილიჯ კლუბის“ წევრობას. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მათ კონკრეტულ პერიოდში არ სურთ აპარტამენტის გაქირავება, ამ დროის სანაცვლოდ შეუძლიათ დაისვენონ მსოფლიოს 120 ქვეყანაში არსებულ 4000-ზე მეტ კურორტზე. დასვენების სფეროში RCI ლიდერია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს საუკეთესო და წამყვან სასტუმროებს. ეს გლობალური ქსელია, ინტერნეტ პორტალი, სადაც მომხმარებელს შეჰყავს საკუთარი მოგზაურობის პერიოდი და აპარტამენტის გაცვლის საშუალებით, შეუძლია დაისვენოს მისთვის სასურველ ადგილას და დროს. ამ მომსახურების მიღებისთვის საკმარისია მომხმარებელი იყოს „ალიანს ჯგუფის“ აპარტამენტების მფლობელი“, - განაცხადა „ალიანს ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა  აკაკი სონგულიამ.

აღსანიშნავია , რომ „ალიანს ჯგუფში“ შემავალ აპარტამენტებს, იქნება ეს ბათუმის „ალიანს პალასი“ (COURTYARD BY MARRIOTT) , თუ თბილისის „ალიანს ჰაილაინი“, (WYNDHAM GARDEN HOTEL), RCI-ის ქულებში უმაღლესი შეფასება აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ალიანს ფრივილიჯ კლუბის” წევრებს „დასვენების გაცვლა“ პრემიუმ კლასის სასტუმროებში შეეძლებათ.

„ალიანსის დასვენების კლუბის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის თემურ ბიწაძის ინფორმაციით, „ალიანს ჯგუფსა“ და RCI-ის შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, ერთგვარად იქმნება ახალი ტურისტული ბაზა საქართველოსთვის. ხელშეკრულება ახალი ტურისტების ნაკადის წამოსვლას განაპირობებს, იმ ტურისტების, რომლებიც ამავე „გაზიარებული საკუთრებით“ თავიანთ აპარტამენტებს გაცვლიან საქართველოში დასვენებაზე.

„RCI-ში გაწევრიანებულია 4 000 000-ზე მეტი წევრი, მაგრამ ამ წევრებთან ერთად უნდა ვიგულისხმოთ მათი ოჯახებიც, შესაბამისად, თუკი ჩვენ საქართველოში წამოსული პოტენციური ტურისტების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, ეს დაახლოებით 10 - 15 000000 ადამიანი იქნება. შთამბეჭდავი ციფრია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, - განმარტავს თემურ ბიწაძე.

RCI-ს განვითარების ხელმძღვანელმა სერგეი ეგოროვმა ბოლო წლებში საქართველოს განვითარების ტემპზე ისაუბრა. „წლებია ვაკვირდები საქართველოს და უნდა აღვნიშნო ის დადებითი ემოცია, რასაც ეს ქვეყანა განვითარების კუთხით იწვევს. საინტერესოა საქართველო ტურისტული პოტენციალის კუთხით. სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველო უფრო და უფრო პოპულარული ხდება ამ მიმართულებით. ყოველთვის კარგი გამოწვევაა დაიწყო ბიზნესი ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის და გაგვიმართლა, რომ ჩვენი პარტნიორია „ალიანს ჯგუფი“. მათთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება გვაქვს და ვხედავთ ამ კომპანიის სიძლიერესა და გამჭვირვალობას, ეს კი ბიზნესში ყველაზე დასაფასებელი კრიტერიუმებია“, - განაცხადა სერგეი ეგოროვმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.