ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა სერვისს სთავაზობს სტუმრებს სასტუმრო „ღვინის სასახლე“ – „სასტუმროს მარანში ღვინისა და ქართული კერძების სადეგუსტაციო შეხვედრები იმართება“
13 მაისი, 2022

სასტუმრო „ღვინის სასახლე“, ქართული ინტერიერით, კეთილგანწყობილი პერსონალითა და საკუთარი მარნის წყალობით უცხოელი ვიზიტორებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

მეხუთე წელია, რაც ეს 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, (მისამართი: თბილისი, საბურთალო, ბიძინა კვერნაძის ქუჩა 31), სტუმრებს მრავალფეროვან და გამორჩეულ სერვისს სთავაზობს.

ევროპული სტანდარტების შესაბამის სასტუმროში, 33  ნომერია, როგორც სტანდარტული, ასევე ლუქსი. მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმებულ ინტერიერში კედლები მთლიანად ხელით არის მოხატული. სასტუმრო უზრუნველყოფილია სატელიტური ტელევიზიით, უკაბელო ინტერნეტითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით. საკონფერენციო დარბაზი 70 კაცს იტევს, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო საოფისე ტექნიკით. ქართულ-ევროპული კერძები სტუმრების გემოვნების გათვალისწინებით მზადდება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სასტუმროს ყველასგან გამორჩეულ ხიბლს სძენს - მარანია, სადაც ქართული ღვინის მრავალი სახეობაა დაცული. ამავდროულად სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ესტუმრონ მაღაზია „ბრენდ ვაინს“, სადაც ფართო არჩევანია და თავად შეარჩიონ ალკოჰოლურ სასმელებს შორის მათთვის სასურველი და გამორჩეული არომატები.

ამავე სასტუმროში ტურისტებისთვის ღვინისა და ნაციონალური კერძების დეგუსტაცია ეწყობა. სასტუმროს ჰყავს თავის გიდებიც და სურვილის შემთხვევაში, მათი თანხლებით შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობა. როგორც სასტუმროს მფლობელი გიორგი ჩხეიძე ამბობს, საქართველოს რეგიონებს შორის კახეთი ლიდერია და ყველაზე მეტად მისი სასტუმროს სტუმრები სწორედ ამ რეგიონით ინტერესდებიან.

გიორგი ჩხაიძე:

- პანდემიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ტურისტების ნაკადის შემცირება გამოიწვია. თუმცა, 2022 წელი უკეთ დაიწყო. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხალხი ჩამოდის და ჯერჯერობით ძირითადად ეს საქმიანი ვიზიტებია, თუმცა წინ ზაფხულის სეზონია და ვიმედოვნებ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად შეიცვლება უკეთესობისკენ. ამ ეტაპზე სტუმრებს შორის არიან: რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის მოქალაქეები. იმედი გვაქვს, მალე რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარი  გაიხსნება და სტუმრები ჩამოვლენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ა.შ.

საზაფხულოდ ბევრ ადამიანს სურს ოჯახებთან ერთად ჩვენ ქვეყანაში ვიზიტი. ეს არამხოლოდ თბილისის სასტუმროებს, არამედ რეგიონებსაც წაადგება და დასაქმდება უამრავი ადამიანი.

მას შემდეგ რაც კოვიდრეგულაციები მოიხსნა, განვაახლეთ ჩვენი სტუმრების რეგიონებში გასვლებიც. ამ ეტაპზე ჩვენი სასტუმრო მარანში კვლავ იმართება ღვინისა და ქართული კერძების სადეგუსტაციო შეხვედრები. ჩემი ოჯახის მიერ წარმოებულ ღვინოს, ტრადიციულად ჩვენი სასტუმროს სტუმრებსაც ვჩუქნით. ქალბატონები უფრო მეტად წითელ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო მამაკაცები - თეთრს.

არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ სტუმრები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ დედაქალაქში და ზოგადად მთელ საქართველოში სველი წერტილები არ არსებობს. თუ გვინდა ევროპული, კულტურული ქვეყანა გვერქვას, ეს საკითხი აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტო არაერთი მიმართულებით ბევრს მუშაობს, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს როგორც ტურიზმის, ისე სასტუმროების მუშაობის კუთხითაც. თან, ამ ეტაპზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია და ყველასთვის გაურკვეველია, რატომ ჭიანურდება ეს პროცესი. ვფიქრობ, არჩევნები დროულად უნდა ჩატარდეს, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უხელმძღვანელოს ტურიზმის სექტორში კარგად ჩახედულმა, გამოცდილმა კადრმა, რომელიც ადმინისტრაციას პროფესიონალებით დააკომპლექტებს და ყველა ერთად შეეცდება ამ დარგის განვითარებას.

ავტორი: ანა კალანდაძე

JSC.GE

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.