ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სადეგუსტაციო საღამოები ცნობილ მეღვინეებთან ერთად და ქართული ღვინის ყველაზე ფართო არჩევანი. ადგილი, სადაც 900-მდე სახეობის ღვინო ერთ სივრცეშია თავმოყრილი
13 მაისი, 2022

ქართული ღვინო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასმელია მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც სამეცნიერო კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა, ქართული ღვინისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის სხვადასხვა აქტივობას ღვინის მაღაზიების, ღვინის მწარმოებლების სხვადასხვა ჯგუფის თუ ცალკეული მეღვინეების მიერ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სადეგუსტაციო საღამოებიც ერთ-ერთი გზაა, რომლის მეშვეობით ისინი ცდილობენ საკუთარი ღვინოები მომხმარებელს უკეთ გააცნონ, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ იმ რეგიონების შესახებ, სადაც მათი ვენახები და მარნებია, გაუზიარონ თავიანთი ცოდნა-გამოცდილება ამა თუ იმ ჯიშის და ღვინის ტიპის შესახებ.

სწორედ ასეთი ადგილია „ბრენდ ვაინი“, რომლის მფლობელი და დირექტორი გიორგი ჩხაიძე სტუმრებს ხშირად თავად მასპინძლობს, გასცემს რჩევებს, ამა თუ იმ სასმლის წარმომავლობის შესახებ ესაუბრება და სადეგუსტაციო საღამოებსაც ღვინის მწარმოებლებთან ერთად უძღვება.

ეს მისი მეორე ღვინის მაღაზიაა. პირველი თბილისში, მცხეთის ქუჩა 48/50, 2019 წლიდან ფუნქციონირებს. 2022 წლის იანვრიდან ვაკე-საბურთალოს გზის ცენტრალური ტრასიდან რამდენიმე მეტრში, მაღაზიის მეორე ფილიალი გაიხსნა. 2023 წელს კი ძველი თბილისის ტერიტორიაზე, „ბრენდ ვაინის“ მესამე ფილიალის გახსნაა დაგეგმილი.

მ. თამარაშვილის ქუჩაზე 4ა-ში მდებარე  მაღაზია „ბრენდ ვაინს“ საკმაოდ დიდი ფართი უკავია - 200 კვადრატული. დღესდღეობით ის 4000-ზე მეტ ბოთლ ღვინოს იტევს და აქ 900-მდე სახეობის ღვინო ინახება და ბუნებრივია, ამ რაოდენობის პროდუქციას შორის, ნებისმიერი ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი გემო იპოვოს.

გიორგი ჩხაიძე: - „ბრენდ ვაინის“ როგორც პირველ, ისე მეორეში მაღაზიაში, თბილისში ღვინის ყველაზე დიდი არჩევანია. მარაგი მუდმივად მზარდია. გაყიდვაში  გვაქვს 900-მდე სახეობის ღვინო. ამაში შედის, როგორც ქარხნის, ისე მცირე მარნის პროდუქცია, არაყი, ჭაჭა, ლიქიორი, კონიაკი. ჩვენს მაღაზიაში თავმოყრილია მცირე და საოჯახო მარნების ღვინოების საუკეთესო ნიმუშები. ახლახან მაღაზიაში დავამატეთ 3 მაგიდა, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ღვინოსთან ერთად ყველი, ნიგოზი, ჩურჩხელა და სხვა ქართული პროდუქტი. ორივე ღვინის მაღაზიაში საერთო ჯამში 400 ათასი ლარის ღვინო ინახება. ასე რომ, „ბრენდ ვაინში“ შეიძლება ყველა გემოვნების ადამიანმა იპოვოს მისთვის სასურველი სასმელი. მრავალფეროვან ასორტიმენტთან ერთად, გვაქვს ხელმისაწვდომი ფასებიც. ფასი იწყება 14 ლარიდან და ყველაზე ძვირი ღვინო 250 ლარი ღირს. ბოთლის ღვინოსთან ერთად, ორივე  მაღაზიაში გვაქვს 7 სახეობის საუკეთესო ჩამოსასხმელი ღვინოც. აქვე აღვნიშნავ, რომ მაღაზიისთვის პირადად ვარჩევ და ვიძენ ღვინოებს - ყოველთვის უშუალოდ ვარ ამ პროცესში ჩართული.

ვაგრძელებთ სადეგუსტაციო საღამოებსაც, რომელიც ჩვენ მაღაზიაში თვეში ორჯერ-სამჯერ იმართება. მაგალითად ახლახან გვქონდა საოჯახო მეღვინეობა „იბეროს“ პროდუქციის დეგუსტაცია და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. ყველა დაინტერესებულ პირს ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეუძლია „ბრენდ ვაინის“ „ფეისბუქის“ გვერდზე, სადაც წინასწარ ანონსდება სადეგუსტაციო საღამოების დეტალები. ამგვარ შეხვედრებზე მიმდინარეობს საუბრები ღვინის დაყენებასა და წარმოების შესახებ. დიდი სურვილი მაქვს, მცირე მარნების პროდუქციის დეგუსტაციებით, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს ესა თუ ის სასმელი, ამიტომ ყველას ვურჩევ მობრძანდეს და თავად შეაფასოს ჩვენი არჩევანი.

 

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ოჯახი ღვინის წარმოებითაა დაკავებული. მცირე საოჯახო მარანი გვაქვს როგორც თბილისში, ისე კახეთში. მე და მამაჩემი აკაკი ჩხაიძე ვაწარმოებთ ღვინოს, რომელიც სხვებთან ერთად, ჩვენ მაღაზიაში გვაქვს წარმოდგენილი. ესენია: „მანავის მწვანე“, „ალადასტური“, „თავკვერი“, „რქაწითელი“ „კრახუნა“.

ჩვენი მაღაზიის სტუმრებს თუ მეღვინის გაცნობა სურს, ამის ორგანიზებას თავად ვაკეთებ. ჩვენ საუკეთესო გიდებს მიჰყავთ რეგიონში და ისინი ცნობილი მეღვინეების საოჯახო მარანს სტუმრობენ, სადაც ადგილზე ეცნობიან ღვინის დაყენების პროცესს და სხვა დეტალებს. ამით ვცდილობთ ადგილობრივი, რეგიონული ტურიზმის ხელშეწყობასაც. ერთმანეთის საქმის პატივისცემა და გვერდში დგომა, ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად მიმაჩნია.

ავტორი: ანა კალანდაძე

JSC.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.