ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ძველი იპოდრომი, თბილისის ზღვის ბულვარი, გლდანის ტბა - ახალი პარკები დედაქალაქში
17 სექტემბერი, 2021

თბილისის მერია ახალი პარკების მოწყობას აანონსებს. დეტალებზე თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ისაუბრა. 

“ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, თბილისი გადავაქციოთ პარკების ქალაქად. მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმაზე, რომ შეიქმნას ახალი პარკები იმ ადგილებში, სადაც დღეს არის ხევი, გზა ან შეიძლება იყოს ნაგავი“,- აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. 

გორგასლის ბულვარი - პროექტი განხორციელდება კრწანისის რაიონში, სადაც მიწის ქვეშ ჩავა საავტომობილო გზა, მოეწყობა ბულვარი, კომერციული სივრცეები.

“რა თქმა უნდა ამ ბულვარის მთავარი ხერხემალი იქნება სწორედ ერთიანი სარეკრეაციო სივრცე“,- განაცხადა ანდრია ბასილაიამ. 

დიღმის ჭალების პარკი - პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული დაფინანსება უკვე მოპოვებულია და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით უშუალოდ სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. 

“უპრეცედენტო პროექტია. დღეს დიღმის ჭალები პრობლემაა, იქ არის სხვადასხვა სამშენებლო დანაგვიანება და სხვა ეკონოლოგიური პრობლემები. ეს პროექტი იმის გარანტია, რომ დიღმის ჭალები გადარჩება, შედგება როგორც სარეკრეაციო სივრცე“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. 

ზღვის უბნის პარკი - სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და პროექტი დაახლოებით 1 წელში დასრულდება.  

“ათეულობით წლებია ეს ტერიტორია არის ჭაობი. დაახლოებით 1 წელი დაგვჭირდა, რომ ის დაჭაობებული მიწა გამოგვეტანა, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. 

ვაზისუბნის პარკი და თბილისის ზღვის ბულვარი - ვაზისუბნის პარკის მოწყობას გენგეგმა ითვალისიწნებს. თბილისის ზღვის ბულვარზე მოთხოვნა მოსახლეობიდან მოდის. 

“ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საპარკე არეალი. ვაზისუბნის პარკი ჩვენ დაგვევალა გენგეგმით, ეს არის ერთ-ერთი საპარკე არეალი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ.

თბილისის ზღვის ბულვარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა მოსახლეობისგან, რომ უფრო ახლოს ვიყოთ ჩვენ ზღვასთან და ამ პროექტით შევქმნით სარეკრეაციო სივრცეს, რომელიც უშუალოდ ზღვასთან იქნება და მოსახლეობას საშუალებას მისცემს, თბილისის ზღვაზე დაისვენოს“,- აღნიშნა მერის მოადგილემ.  

სამხედრო ქალაქის პარკი - პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან იგეგმება. 

“ეს ნაკვეთი მდებარეობს უშუალოდ სამხედრო ქალაქის მიმდებარედ, კახეთის გზატკეცილზე, ერთის მხრივ ესაზღვრება სამხედრო ქალაქი, მეორეს მხრივ ძალიან მჭიდრო დასახლება სამგორში. აქაც გაშენდება პარკი“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. 

თბილისის ცენტრალური პარკი- ყოფილ იპოდრომის ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, პროექტირებაც აქტიურ ფაზაშია. 

“რა თქმა უნდა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პარკი დედაქალაქში. მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, პროექტირებაც აქტიურ ფაზაშია, მთავრდება უკვე დეტალური პროექტირება. აქაც ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ ქალაქის შუა გულში საერთაშორისო სტანდარტების პარკს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.   

გლდანის პატარა ტბა- პროექტის განხორციელება პანდემიის გამო გადაიდო. 

“ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. გლდანის პატარა ტბა იქნება ძალიან კარგი სარეკრეაციო სივრცე“, - აცხადებს ანდრია ბასილაია. 

ავჭალის პარკი - აზიის განვითარების ბანკისგან დაფინანსება უკვე მოპოვებულია და პროექტიც მზად არის. 

“ახლო მომავალში ახალი პარკი გაშენდება ავჭალის დასახლებაში“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არსებული პარკების რეაბილიტაციაც. 

“ამ რეაბილიტაციებით ჩვენ დავასრულებთ ქალაქში არსებული ყველა ძველი პარკის რეაბილიტაციას და ისეთი მნიშვნელოვანი პარკების რეაბილიტაციას, როგორიცაა დიღმის ტყე-პარკი. ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საპარკო არეალებს. სამწუხაროდ ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი არის კერძო საკუთრებაში, თუმცა ესეც არ წარმოადგენს ჩვენთვის პრობლემას, დაწყებულია მოლაპარაკებები. ძალიან დიდი ნაწილი დავიბრუნეთ ამ ტყე-პარკის და მალე სრულად დავიბრუნებთ და აუცილებლად განვახორციელებთ ამ პროექტს“,- განაცხადა მერის მოადგილემ. 

მისი თქმით, დენდროლოგიური პარკი - საუკუნის პროექტია, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ მდებარეობს.

“ეს არის 160 ჰა ტერიტორია, შედარებისთვის ვაკის პარკი არის 18 ჰა, დაახლოებით ვაკის პარკზე 10-ჯერ დიდი ტერიტორიაა, რომლის პროექტირებაც უკვე დასრულდა, და მომავალ წელს უშუალო სამუშაოები დაიწყება. ამ პროექტის 80% არის დენდროლოგია და შესაბამისად ათიათასობით ახალი ნერგი დაირგვება“,- აღნშნა ანდრია ბასილაიამ. 

მერის მოადგილის თქმით, განახლდება ციციშვილის პარკიც, რომელიც ვაჟას კვარტლებში მდებარეობს. 

“არის შიდა კვარტალური ერთიანი სივრცე, აქაც ძალიან მაგარ პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. 

განახლდება ვერის პარკი, სარაჯიშვილის ბულვარი და სამგორის პარკი. 

“ვერის პარკი - ყველასთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი არეალი. მომავალ წელს მზად ვიქნებით, კონკრეტული სამუშაოები დავიწყოთ. 

სარაჯიშვილის ბულვარი - რომელიც თითქმის 4კმ-ია სიგრძეში, მოსკოვის პროსპექტის ანალოგიურად მოეწყობა. 

სამგორის პარკი - მდებარეობს შს სამინისტროს შენობის გვერდით, კახეთის გზატკეცილზე. წლებია ეს პარკი კერძო საკუთრება იყო და სრულიად გაპარტახებულია. ამ პარკსაც ჩავუტარებთ რეაბილიტაციას“,- განაცხადა ანდრია ბასილაიამ.  

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.