ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს 6 სამთო-სათხილამურო კურორტი
01 ნოემბერი, 2015

საქართველო ზამთრის კურორტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა,რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს,როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანას.

განვიხილოთ 6 სათხილამურო კურორტი:მესტია,გუდაური,ბაკურიანი,გოდერძი, ბეთანია და თეთნულდი

1.მესტია

მესტია ერთ-ერთი გამორჩეული ზამთრის კურორტია.ლამაზი ბუნება,სათხილამურო გზა,იდეალური გარემო  ხდის მას ასე მიმზიდველს და გამორჩეულს.

მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ.

ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7 °C, იანვრის 6,4 °C, ივლისის 16,4 °C. აბსოლუტური მინიმალური - 35 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 35 °C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.

მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს სამთო-სათხილამურო ტრასა ჰაწვალი

მდებარეობა: თბილისიდან 456 კმ, ხოლო ხოლო ზუგდიდიდან ,რომელიც უახლოესი რკინიგზის სადგურია, 128 კილომეტრი.ზუგდიდთან მესტია დაკავშირებულია საავტომობილო გზით.

2010 წლის 24 დეკემბერს მესტიაში გაიხსნა თამარ მეფის სახელობის აეროპორტი.საწყის ეტაპზე, მესტიის აეროპორტში სახელმწიფოსაგან „სუბსიდირებული ფრენები“ განხორციელდება,რაც გულისხმობს იმას,რომ ბილეთები გაიაფდება და ტურისტთა უფრო მეტ ნაკადს ექნება შესაძლებლობა ესტუმრნონ მესტიას.

 

 

2.გუდაური

 

საქართველოს კურორტებს შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი
გუდაური ჯვრის უღელტეხილზე, საქართველოს სამხედრო გზის 120-ე კმ-ზე, მთა კუდებსა (3006 მ) და მთა საძელეს (3307 მ) ფერდობებზე, ალპურ ზონაშია გაშენებული. კურორტი არსებობის 30 წელს ითვლის, თუმცა ამ მცირე დროში მან სათხილამურო სპორტის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა. თითქმის 100 წლის განმავლობაში ახლანდელი კურორტის ადგილას იდგა ძველი ფოსტის შენობა, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალი მგზავრებისთვის თავშესაფრის მოვალეობას ასრულებდა. 1980-იან წლებში საქართველოში ბაკურიანის შემდეგ კიდევ ერთი სამთო სათხილამურო ზონის შექმნა გადაწყდა. ზამთრის კურორტისთვის შესაფერისად იქნა მიჩნეული გუდაურის  ბუნებრივი პირობები -სათხილამურო სპორტისთვის საჭირო დაქანების ფერდობები და უხვი და ხანგრძლივი თოვლის საფარი. გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა დედალაქთან და ცენტრალურ სატრანსპორტო მაგისტრალთან სიახლოვე.
1980 წლებიდან გუდაურში ნელა-ნელა გაჩნდა მთის კურორტისთვის დამახასიათებელი საკურორტო ინფრასტრუქტურა. თავდაპირველად აქ მხოლოდ სამთო-სათხილამურო სკოლა ფუნქციონირებდა, მაგრამ საბჭოთა რეჟიმის რღვევამ ხელი შეუწყო უცხოური, კერძოდ, ავსტრიული ინვესტიციის მოძიებას, რომლის წყალობით გუდაურში პირველი სასტუმრო აშენდა, მოეწყო ბაგირგზა და 1988 წელს კურორტი ოფიციალურად გაიხსნა. დღეს გუდაური უმაღლესი სტანდარტების სამთო-სათხილამურო კურორტია შესაფერისი ინფრასტრუქტურითა და ათობით კეთილმოწყობილი სასტუმრო სახლით. ტრასების საერთო სიგრძე 57 კმ-ია და ყველა დონის მოთხილამურისთვის არის გათვალისწინებული. გარდა სამოყვარულო პირველი დონის ტრასისა, აქ ოთხი ტიპის სპორტული ბილიკია: სლალომი, გიგანტური სლალომი, სუპერ სლალომი და ჩქაროსნული დაშვება. თითოეული მათგანის კატეგორია სათხილამურო სპორტის საერთაშორისო საზოგადოების FIS-ის მიერ არის დამტკიცებული. 5 ბაგირგზა ავსტრიულმა კომპანიამ, Doppelmayr-მა ააგო. 2012 წელს ფრანგულმა POMA-მ გუდაურში კავკასიაში ყველაზე გრძელი გონდოლა დაამონტაჟა. ბაგირგზის ქვედა სადგური ზღვის დონიდან 1990 მ-ზე, ზედა კი - 3270 მ-ზე მდებარეობს.
 
გუდაური იდეალური ადგილია სპორტის ექსტრემალური სახეობების  Freerider-ისა და Heliski-ს (გაუკვალავ
თოვლში სრიალი, როცა თითოეული მოთხილამურე პარალელურ კვალზე მიდის) მოყვარულებისთვის. ღრმა
და მშრალი თოვლი Freerider-ისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. Heliski ევროპის კურორტებიდან მხოლოდ
საქართველოშია შესაძლებელი.

 

 

3.ბაკურიანი

პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში,
თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომებითა და ალპური მდელოებით. XIX საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ბორჯომის მინერალურმა წყალმა თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გაითქვა სახელი, ხეობას რუსეთის იმპერიიდან უამრავი ხალხი მოაწყდა. სწორედ ამ დროს გაიყვანეს ბორჯომის ხეობაში ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა (1898-1901 წწ.), რომელმაც ბორჯომი ბაკურიანთან დააკავშირა და ბორჯომის ხეობის პატარა დასახლების მომავალი განსაზღვრა. 1910 წელს, კოხტაგორის დასავლეთ კალთაზე ბოტანიკური ბაღი დაარსდა. ბაღის შექმნის მიზანი კავკასიის მაღალმთიანეთის მცენარეთა ინტროდუქცია და აკლიმატიზაცია იყო. სწორედ ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი კოზლოვსკი მასპინძლობდა დაბაში ჩასულ პირველ მოთხილამურეებს. მოგვიანებით ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა - ევროპაში განსწავლულმა გიორგი ნიკოლაძემ, რომელმაც დიდი ამაგი დასდო ქართულ სპორტის  განვითარებას, სპორტის ზამთრის სახეობების პოპულარიზაცია და ბაკურიანის ფერდობების ათვისება დაიწყო. 30-იან წლებში ბაკურიანში უკვე ფუნქციონირებდა სათხილამურო ბაზა და რამდენიმე საბავშვო სანატორიუმი. თუმცა ბაკურიანის, როგორც სათხილამურო ცენტრის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1935 წელი, როდესაც ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის (დღეს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სტუდენტებმა აქ საწვრთნელი შეკრება ჩაატარეს. მათ მალე სხვა სტუდენტებიც შეუერთდნენ. რამდენიმე წელიწადში ორი - 45- და 75-მეტრიანი ტრამპლინი აიგო, გაკეთდა ბაგირგზა, ბილიკები პროფესიონალი და დამწყები მოთხილამურეებისთვის. საბჭოთა პერიოდში ბაკურიანში სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ტარდებოდა სპორტის ზამთრის სახეობებში. აქ საწვრთნელ შეკრებებს ატარებდნენ საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების წევრები. კურორტის მდებარეობით და ლანდშაფტით მოხიბლული სტუმრები ბაკურიანს `საბჭოთა სათხილამურო სპორტის დედაქალაქს  და საბჭოთა დავოსს  უწოდებდნენ.
 
დღეს ბაკურიანში მოქმედებს სხვადასხვა სირთულის 12 კეთილმოწყობილი სათხილამურო ტრასა: ისტორიული კოხტაგორა (ზ. დ. 2155 მ, ბაგირგზის სიგრძე - 3000 მ); გამოცდილი სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი ტატრას  სახელით ცნობილი კოხტა 2-ის მთა (ზ. დ. 2255 მ, საერთო სიგრძე 1800 მ); დიდველის  საერთო სიგრძე 3800 მ-ია (მინიჭებული აქვს FIS სერტიფიკატი). დამწყებთათვის კვლავინდებურად
ფუქციონირებს ოცდახუთიანის სახელით ცნობილი მარტივი სათხილამურო ტრასა (სიგრძე 300 მ).

 

4.გომარდული

რატომ გომარდული?იმიტომ,რომ აქ ზამთრის კურორტისთვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია: მთაგორიანი რელიეფი, საშუალო მთის კლიმატი და მდგრადი თოვლის საფარი ოქტომბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.გომარდულში ლამაზი ბუნება და ზამთრის კურორტისთვის დამახასიათებელი ადგილებია.

გომარდული ბათუმიდან 90 კმ-ში მდებარეობს.მდინარეების:აჭარისწყლისა და ვანისწყლის (მდინარე ნაღვარევისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1120მეტრზე. 

რამდენიმე წლის წინ აქ მოთხილამურეებისთვის 250-მეტრიანი ბაგირგზა და სათხილამურო ტრასა აშენდა, 2011 წლის 29 დეკემბერს კი ზამთრის სეზონი პირველად გაიხსნა. დღეისთვის გომარდულში რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო, კოტეჯი და რესტორანი ფუნქციონირებს. 

 

5.ბეთანია

ასე ვთქვათ შედარებით ახალი ზამთრის კურორტი ბეთანია ტანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათხილამურო ტრასით და ინფრასტრუქტურით  მიმზიდველია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

ბეთანია თბილისთან ახლოს(18კილომეტრის დაშორებით,30კვადრატულ მეტრზე მდებარეობს).დასასვენებელი ცენტრი,სადაც გაჭრილია სათხილამურო ტრასა,დამონტაჟებულია სესაბამისი განათება.

600მეტრიანი სამთო-სათხილამურო ტრასის გარდა,სპეციალურად ბავშვებისთვის უსაფრთხო 200მეტრიანი ტრასა მოეწყო.

 

 

6.თეთნულდი

       უნიკალური სამთო კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში აქტიურია, 7000 ჰა-ს მოიცავს და აქედან 4500 ჰა მთის სათხილამურო ტერიტორიას წარმოადგენს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი – 9,5 კმ სიგრძის და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე – 1,7 კმ სასრიალო ტრასა იქნება. აღსანიშნავია, რომ სასრიალო პერიოდი, წლის განმავლობაში 6-7- თვეს შეადგენს.
სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის სათხილამურო ტრასები გაუტოლდება ევროპული დონის სასრიალო ტრასებს. არსებული გათვლებით, სათხილამურო ტრასებზე ერთდროულად მოსრიალეთა რაოდენობა 4100 ადამიანი იქნება; საბაგიროების საერთო საათობრივი გამტარუნარიანობა კი 8400 ადამიანი ხოლო მთის ტურისტული გამტარუნარიანობა – 6806 ადამინაი.
მშენებლობის პირველ ეტაპზე დაგეგმილია: 5 საბაგირო სადგურის მშენებლობა, საერთო სიგრძით – 5.9 კმ; ჯამში, 18 სასრიალო ტრასის მოწყობა, საერთო სიგრძით – 25 კმ;
ასევე დაგეგმილია წყალსადენის, წყალარინების, ელექტრომომარაგების, მთის დრენაჟის სისტემების, ინფრასტრუქტურული ნაგებობების, ადმინისტრაციული შენობების, პარკინგისა და სხვა აუცილებელი ობიექტების მშენებლობა.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 35,3 მლნ. ევროა, რომელიც საფრანგეთის მთავრობისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება.

 

ავტორი: მარიტა არაჩემია


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.