ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბოდბე
კახეთი
წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ბოდბის (ქიზიყის) ეპარქიის საეპისკოპოსო ცენტრი ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ით არის დაშორებული. ტაძარი აგებულია ქართველთა გამაქ­რისტიანებლის, წმინდა ნინოს საფლავზე IV ს-ში. ბოდბის საეპისკოპოსო V ს-ში დააარსა ვახტანგ გორგასალმა. VIII-IX საუკუნეებში ტაძარი სამნავიან ბაზილიკად გადააკეთეს. მონასტრის გამშვენებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მეფე დემეტრე I-ს (1125-1156). ბოდბის მონასტერი ქართველმა მეფეებმა არაერთხელ აღადგინეს. XV ს-ის ბოლოდან ბოდბელი ეპისკოპოსი მეთაურობდა კახეთის სამეფოს მეწინავე სადროშოს. XVIII ს-ში ბოდბელს ექვემდებარებოდა დავითგარეჯის მონასტრებიც. მონასტრის წინამძღვარმა იოანე მაყაშვილმა XIX ს-ის 20-იან წწ-ში ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთებინა და მოახატვინა, გაკეთდა კანკელი. 1837 წ. ბოდბის მონასტერი გაუქმდა. 1889 წელს კი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი (აქ მოღვაწეობდა იღუმენია დედა თამარი  თამარ მარჯანიშვილი). აქვე მოქმედებდა კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი. 1924 წელს ბოლშევიკებმა მონასტერი დახურეს. 1991 წელს ბოდბეში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. 
მონასტერს აქვს საკმაოდ დიდი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. მონაზვნები მწიგნობრულ საქმიანობასაც ეწევიან, ხელნაწერთა მიხედვით მზადდება ახალი საღვთისმსახურო წიგნები.
90-იანი წლების ბოლოს წმ. ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე აშენდა განსაბანი და პატარა ტაძა­რი მისი მშობლების  წმ. ზაბულონისა და წმ. სოსანას სახელზე (არქიტექტორი თეიმურაზ ბერიძე). ამ ადგილს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 
 
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.