გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს სოფელ გურჯაანის მახლობლად, ტყეში, კახთუბნის ხეობაში, ქ. გურჯაანიდან 2 კმ-ზე. ხელოვნებათმცოდნეები ტაძრის აგების თარიღად VIII ს-ს მიიჩნევენ. გურჯაანის ყველაწმინდა რთულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის ასაგებად გამოყენებულია სამი ტიპის საშენი მასალა: რიყის ქვა, შირიმი და აგური. იგი ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. XVII საუკუნეში ტაძარი მოიხატა. გვიან შუა საუკუნეებში მონასტერი დიდი თავადების ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების საძვალეს წარმოადგენდა. ირანის შაჰის აბას I-ის შემოსევის შედეგად აქ სამონასტრო ცხოვრება შეწყდა და მხოლოდ 1822 წ. განახლდა. 1938 წელს ყველაწმინდაში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
კახეთის ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტარა ახმეტის რაიონში მდინარე ილტოს ნაპირზე მდებარეობს. კვეტარა კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. `ქართლის ცხოვრება~ მას პირველად XI საუკუნის შუა წლებიდან იხსენიებს, თუმცა ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა დაარსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას. კვეტარას გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესია იყო განლაგებული. ჯვრის ტიპის ეკლესია X საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. იგი, როგორც ჩანს, მეფის კარის ეკლესია უნდა ყოფილიყო. ტაძარი სადაა, ყოველგვარი მორთულობისა და ჩუქურთმების გარეშე, გადახურულია ცისფერი კრამიტით.
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge