ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ყვარლის ციხე
კახეთი
ყვარლის ციხე - ქ. ყვარლის ცენტრში მდებარეობს. იგი XVI-XVIII საუკუნეებშია აგებული.
ამ კვადრატული ციხის კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას. ჩრდილოეთისა და დასავლეთის კოშკები ნახევრად წრიულია, აღმოსავლეთისა სწორკუთხა. მის ქვედა სართულში მოთავსებულია ჭიშკარი, ციხის გალავანში კიდევ სამი კოშკია ჩაყოლებული. გალავანი ზოგან ორ, ზოგან სამიარუსიანია. ციხე ნაგებია რიყის ქვით, აქა-იქ აგურიც არის გამოყენებული. კოშკს არა აქვს რაიმე მხატვრული მორთულობა, მხოლოდ შესასვლელების თავზეა აგურის წყობით გამოყვანილი რომბები და ჯვრები. ციხის კედლების შიგნით საცალფეხო ბილიკებია. 
 
XVIII საუკუნის 50იან წლებში, რომელსაც საქართველოში ლეკიანობას უწოდებდნენ განსაკუთრებით გაძლიერდა დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმები. ძარცვის მიზნით მოწყობილი ეს შემოსევები უფრო ხშირად თურქეთის წაქეზებით ეწყობოდა. მოტაცებულ ადამიანებს დიდ ფასად ახსნევინებდნენ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყირიმელი ვაჭრების საშუალებით ან ახალციხის საფაშოს გზით ოსმალეთის ბაზარზე აგზავნიდნენ გასაყიდად. ზოგჯერ მსხვილი და ორგანიზებული ლაშქრობები ეწყობოდა. მათ შორის ყველაზე დიდი იყო ხუნძახის (ავარიის) მფლობელის ნურსალ-ბეგის ორგზის ლაშქრობა პირველად 1754 წელს, 1755 წელს ნურსალბეგმა კვლავ გაიმეორა ლაშქრობა და 20000 იანი რაზმი დაძრა ყვარლის ციხის ასაღებად. 
ნურსალბეგის გაერთიანებულმა ჯარმა ალყა შემოარტყა ყვარლის ციხე. ალყა დიდხანს გაგრძელდა და მეციხოვნეებს ტყვია-წამალი გამოელიათ. ერეკლემ იცოდა, რომ მტრის მრავალრიცხოვან ჯართან პირისპირ შებმა არ გამოდგებოდა, ამიტომ ერეკლემ ციხეში დამხმარე რაზმის შეგზავნა გადაწყვიტა, მეფემ მოხალისეებს, დიდსა და პატარას, აზნაურსა და თავადს საჩუქრები და ტიტულები აღუთქვა, თუკი ისინი გარედან მტრის ალყის გარღვევაში მიიღებდნენ მონაწილეობას. 
ამ მოწოდებას ზუსტად 206 კაცი გამოეხმაურა. მოხალისეები ქიზიყიდან ღამით გადავიდნენ, გადალახეს ალაზანი, მოულოდნელად თავს დაესხნენ ყარაულებს, ხმლით გაიკაფეს გზა და ციხეში ტყვია წამლის დიდი მარაგით შევიდნენ. ამასთანავე, ერეკლემ ქიზიყელთა ცხენოსანი რაზმი ჭარის დასარბევად გაგზავნა. ყვარლის ციხის ალყაზე მდგარი ჭარელები შეშფოთდნენ და თავიანთ უპატრონოდ  დარჩენილი სახლების დასაცავად წასვლა დააპირეს. ამის გამო ნურსალბეგსა და მის მოკავშირეებს შორის მტრობა ჩამოვარდა და ისინი ერთმანეთსაც კი დაერივნენ. 
 
ჭარელები ციხეს ჩამოეცალნენ, მათ კაკის სულთანიც მიჰყვა, ასევე ნუხის ხანმაც თავის ქვეყანას მიაშურა. ასე რომ, ალყა მოიშალა და ნურსალ ბეგი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. ყვარლის ციხის აღება ვერ მოხერხდა, ამდენად, ქვეყნის აოხრების გეგმაც ჩაიშალა.
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.