ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი გონიო
კატეგორიები
მდინარე ჭოროხის შესართავიდან სამხრეთით მდებარე აჭარის შავი ზღვის სანაპირო ზოლი თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაცილებული. საბჭოთა პერიოდში კარჩაკეტილი პოლიტიკის გამო ათწლეულების განმავლობაში ეს ადგილი დამსვენებლებისთვის უცნობი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით — თამბაქოს, ციტრუსისა და ჩაის მოყვანით იყო დაკავებული. საზღვრების გახსნის შემდეგ გონიო-კვარიათი-სარფის სანაპირო თანდათან პოპულარული საკურორტო ადგილი გახდა. დამსვენებელს აქ მთებით შემოსაზღვრული სანაპირო, ულამაზესი ბუნება, ზღვის თბილი, გამჭვირვალე წყალი და მშვიდი ყურე, დაივინგის მოყვარულებს კი - ღრმაფსკერიანი პლაჟი იზიდავს. ამჟამად გონიო-კვარიათში საკურორტო ზონის შესაფერისი კარგად გამართული ინფრასტრუქტურა არსებობს. სანაპიროები კეთილმოწყობილია, მრავლად არის კაფეები, ბარები, მაღაზიები. ბოლო წლებში გონიო-კვარიათში აშენდა უამრავი სასტუმრო და საოჯახო სასტუმრო, რომელთაგან ზოგი ზღვის პირას მდებარეობს, ზოგიც ფერდობებზეა შეფენილი. გონიოს შესასვლელთან ანტიკური ხანის გონიოაფსაროსის ციხესიმაგრე დგას. მას ჩვ. წ. I ს-ის რომაელი ავტორი, პლინიუს უფროსი, ციხეს აფსარუნტის სახელით იხსენიებს და აღნიშნავს, რომ კარგად გამაგრებულ და კეთილმოწყობილ ციხე-ქალაქში იმ დროს 5 რომაული კოჰორტა (3 000 მეომარი) იდგა. ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და შავი ზღვის სანაპიროს დამაკავშირებელ ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს იცავდა. საუკუნეების განმავლობაში გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ - ბიზანტიის, ბოლოს კი გენუის რესპუბლიკის ერთ-ერთი საყრდენი ციტადელი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. XII ს-იდან აფსარუნტი გონიოს ციხედ იხსენიება. ციხე ამჟამად რესტავრირებულია და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენს. გადმოცემის მიხედვით, ციხესიმაგრის ტერიტორიაზე დაკრძალა კოლხთა ლეგენდარულმა მეფემ, აიეტმა, თავისი ვაჟი აფსაროსი. ციხის ტერიტორიაზე დაკრძალულია ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი - წმინდა მატათა.
 
1. გონიო-კვარიათის სანაპირო
2. გონიო-აფსაროსი წარმოადგენს ქვით ნაგებ დიდ სწორკუთხედს (195 მ X 245 მ). გალავანი 18 კოშკით არის გამაგრებული.
ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე სამშენებლო ფენა აღმოაჩინეს.
 
მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო, მდ. ჭოროხის მარცხენა მხარე.
მანძილი: ბათუმისცენტრიდან – 15კმ, თბილისიდან – 380კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 30 მ.
რელიეფი: მთაგორიანი
კლიმატი: კლიმატი საშუალო წლიური ტემპერატურა 14,8 0C, იანვარში — 6,5 0C, აგვისტოში — 23,4 0C. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ბრიზები.
ნალექების წლიური რაოდენობა: 2400 მმ.
საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 79%. ხშირია კოკისპირული წვიმა. ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,70C-ია.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი.
მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში.
სამკურნალო ჩვენებები: ნერვული სისტემის და გულსისხლძარღვთა დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.