ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საზღვაო ტურიზმი
აჭარა

საზღვაო ტურიზმი

აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურიზმის სახეობა საზღვაო ტურიზმია. სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვის ჰავა, საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა, ზღვის  და მთის  კომბინაცია უნიკალურ დასასვენებელ პირობებს ქმნის. საცურაო ზოლის მთლიანი სიგრძე   21 კმ. შეადგენს. ზღვის საშუალო  ტემპერატურა  21-29˚C გრადუსია.

აჭარის ტერიტორია მოიცავს შემდეგ საზღვაო საკურორტო ზონებს: ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური,მწვანე კონცხი, ჩაქვი, გონიო, კვარიათი, სარფი;

ბათუმი

ჰელიოთერაპია და თალასოთერაპია ბათუმის, როგორც კურორტის ძირითადი მახასიათებლებია. აქ ზღვის წყალი მაღალი მინერალიზაციით გამოირჩევა. ბათუმში ყოველთვის თბილა. ზამთრის ყველაზე ცივი თვის – იანვრის ტემპერატურა +7,1O ˚C - ია. მზის, ზღვის, მაგნოლიების, აკაციების სურნელით გაჟღენთილი ეს ქალაქი, წლის ყველა დროს მიმზიდველი და მომხიბლავია.

ქობულეთი

ქობულეთი კლიმატური კურორტია. განსაკუთრებული ხედებით გამოირჩევა მისი ენდემური ფიჭვის, ევკალიპტის, ბამბუკის, კიპაროსის კორომები, ფინიკის პალმებით გაშენებული ქობულეთის წვრილქვიშიანი ფართო პლიაჟი.

ციხისძირი

კურორტი ციხისძირი მდებარეობს ზღვის დონიდან 60-90 მეტრის სიმაღლეზე ბათუმის ჩრდილოეთით, მისგან 17 კმ-ის დაშორებით. ის გაშენებულია, ციხისძირის მაღლობზე, რომლის კალთებიც ციცაბოდ ეშვებიან ზღვაში და ქმნიან ციხისძირის კონცხს. ზღვაში შეჭრილი კონცხი პლიაჟს ორ ნაწილად ჰყოფს. ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს. აქ ზაფხულობით უფრო გრილა, ზამთარში კი უფრო თბილა, ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში.

ჩაქვი

ბათუმიდან 13 კმ. დაშორებით მდებარეობს საკურორტო ადგილი ჩაქვი, რომელიც ისტორიულად  ქართული ჩაის სამშობლოა. სწორედ აქ შემოიტანა და გააშენა პირველად ჩაი ჩინელმა მეცნიერმა ლაო ჯინ ჯაომ.

მწვანე კონცხი

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღვის დონიდან 70-92 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული ევროპაში ერთ-ერთი მდიდარი ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს.

მახინჯაური

ზღვისპირა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი მახინჯაური მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით, 5 კმ-ის დაშორებით. მისი სიმაღლე სანაპიროს მახლობლად ზღვის დონიდან 15-25 მეტრზე იწყება, შემდგომ ზევით მიიწევს და 1000-1300 მეტრს აღწევს. მახინჯაურის კლიმატი ტენიან-სუბტროპიკულია. ბათუმთან შედარებით, აქ ზამთარი უფრო თბილია, ზაფხული კი გრილი. ზაფხულობით გამორჩეული სიგრილე განპირობებულია მთაგორიანი მდებარეობითა და ცვალებადი ბრიზებით.

გონიო-სარფი-კვარიათი

ეს საკურორტო ადგილები  ბათუმიდან სამხრეთით 17-18 კმ-ის მოშორებით მდებარეობს საქართველო-თურქეთის საზღვრთან. კურორტებზე ზღვის წყლის საშუალო ტემპერატურა 25 გრადუსია. კურორტებზე მდებარე სასტუმროები თუ სასტურმო ტიპის სახლები გამოირჩევა  ზღვასთან ახლო მდებარეობით, ზღვისა და მთის შეჯერებული ჰავითა და მყუდრო გარემოთი.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.