ისტორიკოსი პ. იოსელიანის ცნობით, სიღნაღის ციხე აგებულია 1762 წელს ერეკლე მეორის მიერ. თითქმის ასეთივე ცნობა მოეპოვება ვახუშტი ბატონიშვილსაც.
სიღნაღის ციხეს თავდაპირველი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მის შესახებ წარმოდგენა გვექმნება XIX საუკუნის დასაწყისში შესრულებული გეგმის მიხედვით, ყველაზე საინტერესოა ის, რომ ციხის შესასვლელებსა და კოშკებს შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი სახელები.
აღნიშნული ძველი გეგმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქალაქის მოსახლეობა დიდი არ ყოფილა. იგი განლაგებული იყო ციხის სამხრეთით, რამდენიმე მოსახლე ციხის შიგნითაც სახლობდა. დანარჩენი ადგილები კი ცარიელი ჩანს.
ქალაქის სამხრეთი ნაწილიც, შესაძლოა კედლებითა და კოშკებით იყო შემოფარგლული, მაგრამ ამ სქემატურ ნახაზზე ეს კარგად არ ირკვევა. ქალაქის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეებზე ცხრა ცილინდრული კოშკია აღნიშნული. ამ კოშკთაგან მხოლოდ ყველაზე დიდს, სამხრეთ_აღმოსავლეთით მდებარეს, აწერია `საქობოს კოშკი~. ამავე სახელის მატარებელი კოშკი ჩართულია დიდი ციხის კედლებში.
სიღნაღის ციხის გეგმაზე არსებული წარწერების მიხედვით ირკვევა, რომ საერთოს გარდა, ცალკეულ სოფლებს კიდევ ცალკე ჭიშკრები და კოშკები ეკუთვნოდა. მაგალითად, ყოფილა `მაღაროს, `ბოდბის, `ვაშნარის შესასვლელები, რომლებიც სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი. მთავარ შესასვლელს ეტყობა `მაღარო წარმოადგენდა, რადგან ის უშუალოდ აკავშირებდა ქალაქსა და ციხეს, ეს შესასვლელი ორი ცილინდრული კოშკითაა გამაგრებული. ასევე ორი კოშკითაა გამაგრებული `ვაშნარის ჭიშკარი, მაგრამ ეს გამოწვეულია კოშკებს შუა არსებული ხევით. ციხის რთულ რელიეფში ეს ადგილი ყველაზე დაბალია.
დანარჩენი შესასვლელები ციხის კედლებშია გაჭრილი. მათი უმრავლესობა განიერია და ნამდვილ ჭიშკარს წარმოადგენს. ზოგი კი ვიწრო გასასვლელია და სათადარიგო კარის დანიშნულებისაა.
გალავნის მთელ სიგრძეზე განლაგებულია ცილინდრული კოშკები და მათ შუა კონტრფორსები. კოშკები და კონტრფორსები ძირითადად კედლების მოსახვევებში მდებარეობს. სულ 23 კოშკი და იმდენივე კონტრფორსი ყოფილა. მათ შორის მანძილი არათანაბარი ჩანს. აღსანიშნავია, რომ ზოგან კოშკებს შორის არ იყო კონტრფორსი, სამაგიეროდ, სხვაგან _ თითო, ორ-ორი ან სამ- სამია.
XIX საუკუნეში შესრულებულ ციხის გეგმაზე შესასვლელთა სახელებთან ერთად კოშკების სახელებიცაა აღნიშნული. `მეფის ანუ ჯუღაანისა~, `კახეთის პირველი~, `კახეთის მეორე~, `შილდის~, `ნარიყალას~, `ზირბ ხოველინისა~, `ვაქირისა~, `კარდანახის~, `ბაკურციხის~, `ვაშნარის პირველი~, `ვაშნარის მეორე~, `ანაგის~, `საქობოს~, `მაჩხაანის პირველი~, `მაჩხაანის მეორე~, `ქიზიყის ანუ გორის ბურჯი~, `ველისციხის~, `ბოდბის~, `მაღაროს პირველი~, `მაღაროს მეორე~ `მირზაანისა~ და სხვა.
ასეთი დიდი ციხე მთელ მხარეს ემსახურებოდა; მტრის შემოსევისას აქ იხიზნებოდა მოსახლეობა, ამიტომ ამგვარ ციხეებს მოსახლეობის ის ნაწილი აშენებდა, რომელიც თავს აფარებდა.
სიღნაღის ციხის სქელი კედლები ორიარუსიანია. პირველი და მეორე იარუსების სისქეთა განსხვავება შიგნიდან საბრძოლო ბილიკებს ქმნის, ზედა იარუსის კედლებში მორიგეობით განლაგებულია პირდაპირი და დახრილი სათოფურები. ასეთივე გადაწყვეტა აქვს ბურჯების ზედა ნაწილებსაც. ციხის კედლებს ქონგურები არა აქვს. მათი ზედაპირი დამრგვალებულია, თუმცა კოშკების უმრავლესობას დამთავრება აკლია, მაგრამ, ეტყობა, მათაც ქონგურები ექნებოდა. კოშკების უმეტესობა ორსართულიანი ყოფილა, რამოდენიმე კოშკი შედარებით უკეთაა შემონახული.
`ქიზიყის კოშკი~ მდებარეობს ციხის აღმოსავლეთი კედლის თითქმის შუა ადგილას. მას საკმაოდ მაღალი ადგილი უჭირავს. ზედა ნაწილი აკლია, მაგრამ, ეტყობა, სამსართულიანი ყოფილა და საბრძოლო ტერასაც ჰქონია. `მაჩხაანის კოშკი ციხის უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარეობს.
`ვაქირის კოშკი~ ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს. `მერუბოანთ ხევისკენ ძალზე დაქანებული კედლებიდან ჩრდილო კედელი სწორედ ამ კოშკიდან იწყება, ხოლო სამხრეთი ზემოაღწერილ `მაჩხაანის კოშკიდან. `ვაქირის კოშკი ორსართულიანია
სიღნარის ციხის გალავანი და კოშკები ნაგებია რიყის ქვით, აგური უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სიღნაღის ციხე კახეთში ერთ-ერთ საიმედო დასაყრდენ პუნქტად ითვლებოდა. მას, როგორც სიმაგრეს, არც XIX საუკუნის პირველ ხანებში დაუკარგავს მნიშვნელობა.