ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიღნაღი
კახეთი
კახეთის ულამაზესი კუთხის, ქიზიყის გული – სიღნაღი - შეფენილია ცივგომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე. ქალაქი ზემოდან დაჰყურებს ულამაზეს ალაზნის ველს, რომელთან შეფარდებით სიღნაღი 400 მეტრით მაღლა მდებარეობს. სახელწოდება სიღნაღი თურქული სიტყვიდან წარმოდგება და თავშესაფარს, სხვა წყაროების მიხედვით  „აუღებელს“ ნიშნავს. ქალაქი, თელავის მსგავსად, მეფის მამულად ითვლებოდა,
მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა კი სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენდა. საუკუნეების მანძილზე აქ იკვეთებოდა თბილისიდან, ჰერეთიდან და თელავიდან მომავალი სავაჭროსაქარავნო გზები. ამის გამო სიღნაღი ხელოსანთა და ვაჭართა დასახლებად ჩამოყალიბდა.
ხორნაბუჯის დაცემის შემდეგ სიღნაღი ქიზიყის ცენტრი და მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა. 1762 წელს მეფე ერეკლე II-მ ის სამეფო რეზიდენციად აქცია და შემოავლო გალავანი, რომელმაც დღემდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია. გალავანი, 40 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს და საქართველოში ყველაზე დიდ საფორტიფიკაციო ნაგებობად მიიჩნევა. 2005-2008 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის მხარდაჭერით განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაცია. შეიცვალა ინფრასტრუქტურა, აღდგა და განახლდა გალავანი, მოპირკეთდა ქუჩები, შენობებს ისტორიული, საუკუნისწინანდელი იერი დაუბრუნდა. განახლებულ სიღნაღში მრავალი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის სიღნაღის არქეოლოგიურეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანიშვილის უნიკალური ფერწერული კოლექცია ინახება. შემოდგომაზე სიღნაღში იმართება ღვინის ფესტივალი, სადაც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების
მწარმოებელი ქართული კომპანიები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას - როგორც ქვევრის, ისე ქართული (ე.წ. `გლეხური“) და ევროპული წესით
დაყენებულ ღვინოებს. ფესტივალზე ხალხური რეწვის ნიმუშების (თექა, ქვილთი, ხალიჩები, ფარდაგები, სალამურები, ფანდურები და ა. შ.) ნახვაც შეიძლება.
 
1. სიღნაღის გალავანი უსაძირკვლოდ, რიყის ქვით, ქვიშითა და კირით არის აგებული. მასზე მოსახვედრად რამდენიმე ადგილას ქვის კიბეებია მოწყობილი. გალავანი ორიარუსიანია. ზედა იარუსის კედლებში პირდაპირი და ძირს დახრილი სათოფურები მორიგეობით არის
განლაგებული. კედლებში დატანებულია 2- და 3-სართულიანი 23 კოშკი, რომელთა დიამეტრი 3-3.5 მ-ია, ხოლო სიმაღლე - 4-5 მ. კოშკებს ქიზიყის სოფლების სახელები აქვთ. თითეულ კოშკს მტრის შემოსევისას იმ სოფლის მოსახლეობა აფარებდა თავს, რომლის სახელიც ერქვა.
2. წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ბოდბის (ქიზიყის) ეპარქიის საეპისკოპოსო ცენტრი სიღნაღიდან 2 კმ-ით არის დაშორებული.
ტაძარი IV ს-ში ააგეს ქართველთა გამაქრისტიანებლის წმინდა ნინოს საფლავზე. დღეს ბოდბეში აქტიური სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს,
ხოლო მონასტრის შორიახლო მდებარე წყაროზე, რომელიც წმ. ნინოს ლოცვით აღმოცენებულა, განსაბანი და პატარა ტაძარია. წყაროს საოცარ სამკურნალო თვისებებს მიაწერენ და მას უამრავი ადამიანი სტუმრობს.
 
მდებარეობა: გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთები.
მანძილი: თელავიდან – 60 კმ, თბილისიდან – 100 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 720 მ.
კლიმატი: რბილი და ტენიანი. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 20C. ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24,30C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 810 მმ.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
 

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.