ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიონის წყალსაცავი
კახეთი

სიონის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყალშემკრები აუზის ფართობი 587 კვ.კმ, სარკის ფართობი 12.8 კმ². წყლის საერთო მოცულობა 325,4 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 290 მლნ. მ³.

საშუალო სიღრმე 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე 67 მ. წყალსაცავი ხეობის ტიპისაა, ფსკერი დაფარულია თანამედროვე ალუვიონით. მარჯვენა ნაპირი ციცაბო და კლდოვანია, დაფარულია მძლავრი დელუვიური მასალით, აღინიშნება მეწყრული მოვლენები, მარცხენა ნაპირი დამრეცია. სანაპირო ფერდობების ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა კი მოკლებულია ხემცენარეულობას.

საზრდოობს ძირითადად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს. მაქსიმალური დონე ივლისის მეორე ნახევარშია, მინიმალური — მარტში.

წყლის ტემპერატურა მერყეობს 2,7°-იდან (თებერვალი) 21,7°-მდე (აგვისტო). ნოემბრიდან აპრილამდე უმთავრესად ჰომოთერმიაა გაბატონებული, წყლის დანარჩენ დროს მყარდება პირდაპირი ტემპერატურული სტრატიფიკაცია. ყინულოვანი მოვლენები სუსტადაა გამოხატული. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1963 წელს.თევზის რეწვა.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.