ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
თეატრი
აჭარა

თეატრი

აჭარა ერთ-ერთი უძველესი თეატრალურ-სანახაობითი კულტურის რეგიონია საქართველოში. ბათუმთან ახლოს აღმართულია ციხე-სიმაგრე გონიო, ასპარი ანუ ,,აპსარუტინი”, რომელიც იყო კოლხიდის ერთი უძველესი ქალაქთაგანი ჩვენს ერაში” (ს. ჯანაშია). მეექვსე საუკუნეში თეატრის მხოლოდ ნანგრევები უხილავს ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოფი კესარიელს, რომლის ცნობით გონიო ოდესღაც ,,შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით”.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო  დრამატული თეატრი

ბათუმის ერთ-ერთ თვალსაჩინო ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. 1952 წლის 19 მარტს  საზეიმოდ გაიხსნა თეატრის ახალი შენობა. თეატრი აშენდა ცნობილი მოსკოველი არქიტექტორის ტეპლიცკის პროექტით. მშენებლობა დაწყებული იყო ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში, მაგრამ შეჩერდა მეორე მსოფლიო ომის დროს. თეატრის ფასადი, არქიტექტურულად გადაწყდა კლასიკური მოტივების მიხედვით. იგი მოპირკეთებულია მარმარილოთი. მაყურებელთა დარბაზი წრიული ფორმისაა, აქვს სამი იარუსი და იტევს 600-მდე მაყურებელს. დარბაზს ამშვენებს ბროლის ლამაზი ჭაღი.  დარბაზის და ფოიეს მოხატულობა  მხატვარ ბ. ბენოს მიერ არის შესრულებული.

თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი

ბათუმში თოჯინების თეატრის არსებობა სათავეს  XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს. ასეთი ტიპის თეატრი ,,ტიკინების თეატრის’’ სახელწოდებით აჭარაში 1936 წელს გაიხსნა, მანამდე ბათუმში არსებობდა თოჯინების მოყვარულთა თვითმოქმედი თეატრი,რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრი. შენობა, სადაც ამჟამად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასია განთავსებული ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური არქიტექტურული ძეგლია არამხოლოდ ბათუმში, არამედ მთელს საქართველოში. ამის გამო მას მინიჭებული აქვს  კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსი. 2012 წელს შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

კინოთეატრი „აპოლო“

2011 წლის 5 აგვისტოს ყოფილი კინოთეატრი "ინტერნაციონალი" ბათუმს განახლებული ფასადითა და თავდაპირველი სახელწოდებით დაუბრუნდა.გასული საუკუნის 20-იან წლებში აგებული კინოთეატრიდან მხოლოდ კედლის ერთი ფრაგმენტი და ფოტოსურათები იყო შემორჩენილი. არტ-ნუვოს სტილში აგებული შენობის აღდგენილი ფასადი 1911 წელს არსებული ფასადის იდენტურია. კინოთეატრი ევროპული სტანდარტების შესაბამისად  ხმის უნივერსალური დოლბის სისტემითა და 3D გამოსახულებითაა აღჭურვილი, აქვე ფუნქციონირებს  კაფე-ბარიც.

ბათუმის საზაფხულო თეატრი

ხის უნიკალური საზაფხულო თეატრის შენობა, სადაც წლების განმავლობაში თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები იმართებოდა, 2013 წელს განახლებული სახით დაუბრუნდება ქალაქს. იგი ძველ ადგილზე, უმშვენიერესი ზღვისპირა ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. საზაფხულო თეატრი 1 200 მაყურებელს დაიტევს. საკონცერტო დარბაზში კი თანამედროვე ტიპის განათების სისტემა, გახმოვანების აპარატურა და ქართული წარმოების სავარძლები დამონტაჟდება, მოიხატება დარბაზის ჭერიც, რომელიც ცის იმიტაციას შექმნის.

ბათუმის ცირკი

ცირკი 2000 კვმ ფართობზეა გაშენებული,  22 მ სიმაღლის რკინის კონსტრუქციის გუმბათით. დარბაზი 1000 მაყურებელს იტევს, ცირკი ფლობს ევროსტანდარტების ტექნიკურ ბაზას, აკრობატებისა და ჟანგლიორებისთვის რკინის კონსტრუქციები და საჰაერო ბილიკები სპეციალური დამცავი მექანიზმითაა აწყობილი.

ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი

ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ასევე დიდი ტრადიციების მქონე ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი. 1925 წელს ხულოს სარაიონო კულტურის სახლში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენების განხორციელება ცნობილი ქართველი კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელს უკავშირდება, აქედან ჩაეყარა საფუძველი ხულოში დრამატული წრის არსებობას, რომელიც თანდათანობით შეივსო ადგილობრივი სცენისმოყვარეებით. 1958 წელს ხულოში გაიხსნა სახალხო თეატრი, რომელიც 1992 წელს ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრად  გადაკეთდა.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.