ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი
კახეთი
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი - წინანდალი მდებარეობს ზღვის დონიდან 560 მ. სიმაღლეზე, ცივ-გომბორის კალთების დაქანებაზე, რომელიც თანდათან გადადის ალაზნის ველზე. ალაზნის ვაკის ბრტყელი რელიეფი გართულებულია უზარმაზარი გამოზიდვის კონუსებით რომელსაც აგროვებს გომბორის ქედიდან ჩამომავალი მდინარე. მდინარე კისისხევი იქ სადაც წინანდალს ჩამოუდის აჩენს ფლატეს, მისი სიმაღლე 50-150მ ფარგლებში მერყეობს. შიშველი ციცაბო ფერდობები განიცდის ინტენსიურ გამოფიტვას. წინანდლის ჰავა მშრალი სუბტროპიკულია, რაც განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით. სოფლისა და მისი სავარგულების ტერიტორია უხსოვარი  დროიდან ყოფილა დასახლებული. ასეთი დასახლებების ნაშთები მოგვეპოვება თეთრანში, საფარისში, ბერთუბანში, რკინიგზის სადგურის მიდამოებში, ხშირის ტერიტორიაზე და სხვაგან, სადაც დღემდეა შემორჩენილი ქრისტიანული ეპოქისა და უფრო ადრეული ხანის სალოცავებისა და საცხოვრისების ნაშთები. აკადემიკოს აკაკი შანიძის აზრით წინანდალი შესაძლოა ბაცბური სიტყვების სინთეზს წარმოადგენს, რადგან ამ ტერიტორიაზე უძველეს დროში უცხოვრიათ ბაცბებს, დღევანდელი წოვა თუშების წინაპრებს. 
ლეგენდა 
სოფლის მებატონეს ორი ქალიშვილი ჰყოლია, რომელთაგან ერთს დალი ერქვა. მათ სანახავად მოსულ სასიძოს თავისი საპატარძლოს წინ მდგარი ულამაზესი დალი მოსწონებია და წამოუძახია, წინა დალი გამატანეთო. 
წინანდლის მოხსენიებას ისტორიულ წყაროებში, პირველად გვხვდება XV საუკუნიდან, ჯერ ალექსანდრე კახთა მეფის მიერ ამ სოფლის მცხეთის საეპისკოპოსათვის გადაცემის, ხოლო შემდეგ პერიოდებში – თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის მიერ გაცემულ სიგელ-გურჯებში. წინანდალმა და მისმა ტერიტორიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა XV-XVI საუკუნეებში, როცა კახეთში სამეფო მნიშვნელოვნად იყო მოძლიერებული და მათ დედაქალაქს გრემი წარმოადგენდა. X-XV საუკუნეებში სოფლის დასახლებული ტერიტორია ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია ,,სახარისის” სახელწოდებით, რომლის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი სოფლის ზემოთ არსებული მთის ფერდობზე. სოფლის ისტორია ჭავჭავაძეების საგვარეულოსთანაა დაკავშირებული ისტორიული ქრონიკების მიხედვით: ,,1438 წელს ალექსანდრე მეფის მიერ შიო კათალიკოსისადმი მიცემულ სიგელშია მოხსენიებული ჭავჭავაძეთა ფეოდალური გვარი. XV საუკუნიდან მოყოლებული ყმა მამულს ფლობდა კახეთის სხვადასხვა კუთხეში, წინამხარსა და გაღმა მხარეში, ერწო-თიანეთსა და ცხრაკარში. გადმოცემის თანახმად ჭავჭავაძეთა წინაპრები მთიდან ბარში ჩამოსახლებული გლეხები გვარად მამუჩარიშვილები ყოფილან. ,,ოდეს გამეფდა ერეკლე პირველი წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა შემდგომად მსახურებისათვის დაასახელა ადგილისა წინანდალსა და მიიღო აზნაურად. შემდგომად მეფემან თეიმურაზ აღიყვანა მცირე თავადის ხარისხისა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელი უფროსე მეფემან მეორემან ერეკლემ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნითგან წოდებულნი, რომელნი პირველ იწოდებოდნენ  მამუჩარიშვილებად”. წინანდლის ხელახალი აღორძინება XVII ს-ის II ნახევარში იწყება. ხალხმა ძველ საცხოვრებელ ადგილებში დაიწყო დამკვიდრება.წინანდლის სტრატეგიული მდებარეობა კარგად გაითვალისწინა ერეკლე პირველმა, რომელმაც სოფლის გაძლიერების მიზნით 1680 წელს მთიულეთიდან სოფელ ჭავჭავიდან, წინანდალში ჩამოასახლა თავისი ერთგული რამდენიმე ოჯახი. XVIII საუკუნეში საქართველოს ახალი მტერი გამოუჩნდა. ესენი იყვნენ დაღესტნელი ფეოდალები, რომლებსაც ლეკებს უწოდებდნენ. 1854 წლის ივნისის ბოლო რიცხვებში მიღებული იყო ცნობები, რომ შამილი ემზადება კახეთზე გამოსალაშქრებლად. მართლაც 21 ივნისს, განთიადისას შამილის შვილის, ნაიბ ყაბი-მაჰმადის მეთაურობით, ლეკების ბრბო მოულოდნელად თავს დაესხნენ წინანდალს. ატყდა განგაში. მოსახლეობა იხიზნებოდა ტყეში. ლეკების ბრბო დაეცა ჭავჭავაძეების სასახლეს, რომლის ბელვედერში იმალებოდნენ ქალები და ბავშვები. ,,აქედან ჩანდა, თუ როგორ ივსებოდა პარკი ცხენოსნებით, ისმოდა გაშმაგებული ლეკების ყვირილი. მათ დარტყმაზე ხმაურით იმსხვრეოდა მინები, ჭრაჭუნობდა ავეჯი, აწკრიალდა სკივრში ვერცხლეულობა, ჩვენამდე მოდიოდა ორი ფორტეპიანოს არეული ხმები, რომელთა კლავიშებზეც აბრახუნებდნენ ველურები” – სწერს ფრანგი ქალი დრანსე, რომელიც იმყოფებოდა ჭავჭავაძეებთან სტუმრად. ლეკებმა დაარბიეს და გაძარცვეს სასახლის 22 ოთახი, მოურიგებელნი ერთმანეთს გლეჯდნენ ძვირფას ნადავლს. მათ ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი, ძვირფასი ჭურჭელი და ქსოვილი, მრავალი სიმდიდრით დატვირთული ხურჯინები მოიგდეს უნაგირზე. ძარცვამ ერთ საათს გასტანა, შემდეგ კი 24 ადამიანი შამილის ბრბომ ცხენებზე შემოისვა და ტყვედ წაიყვანა დაღესტანში. ხოლო თავადის გაძარცული სასახლე და პარკი ცეცხლს მისცა. მაშინ დაიწვა ჭავჭავაძის მდიდარი ბიბლიოთეკა. 3000-მა ცხენოსანმა ნადავლითა და ტყვეებით გაქუსლა უკან. 9 თვის ტყვეობის შემდეგ ჭავჭავაძემ დაიბრუნა თავისი ცოლ-შვილი და ნათესავები, შამილმა კი თავისი ვაჟი. წინანდლის ბაღში დიდ ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი ცად აზიდული ცაცხვის ხე, რომელიც მომსწრეა ჩვენი წარსულისა. გადმოცემით ამბობენ რომ 1854 წელს შამილის თავდასხმისას ამ ხემ სიკვდილს გადაარჩინა დავით ჭავჭავაძის ქალიშვილი სალომე, რომელიც ხის ფუღუროში დამალულა. ეხლა ეს ხე წინანდელი ფორმითაა შერჩენილი.
ლეგენდა 
ჩვენი შორეული წინაპრები სისტემატურად განიცდიდნენ მტრის შემოსევებს, ხალხი იძულებული იყო მთის ფერდობებსა თუ ალაზნის ნაპირებზე არსებულ უდაბურ ტყეში გახიზნულიყო. ამ მოსაზრებას სპარსიანთY უბანში არსებული დაუმთავრებელი ეკლესიის ეზოში აზელილი კირის დიდი გაქვავებული გროვაც მოწმობს. წინაპრებიდან მოღწეული გადმოცემის თანახმად, მტერი იმ დროს შემოსულა სოფელში როცა ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა. მოსახლეობამ მთებს შეაფარა თავი. მამაკაცები მტერს ებრძოდნენ, კირი კი გაშრა, გაქვავდა და დღემდე ამ სახით შემორჩა.  
შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან საინტერესოა საფარისის სამონასტრო კომპლექსი, როგორც VIII-IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. წინანდლის თავში მდებარეობს მცირე ზომის ,,დემეტრეს ეკლესია”. 
   წინანდლის პარკში მნახველთა დიდ ყურადღებას იმყრობს ,,წმინდა მარინეს” ეკლესია. ცნობილი რუსი პოეტი გრიბოედოვი ხშირი სტუმარი იყო ჭავჭავაძეებისა. მან საქართველოში დაყო 4 წელიწადს. დაუახლოვდა მათ ოჯახს და 1828 წლის 22 აგვისტოს გრობოედოვმა და ნინო ჭავჭავაძემ ჯვარი დაიწერეს. ეხლა შემორჩენილია ამ ეკლესიის მხოლოდ ნაწილი. ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნის ინიციატორები იყვნენ პოეტი – აკადემიკოსი გიორგი ლეონიძე და წინანდლის დეკორატიული პარკის დირექტორი ირაკლი ხმალაძე. შეაგროვეს ჭავჭავაძისეული სხვადასხვა ნივთი: ავეჯი, ხელნაწერები, წიგნები და სხვა საოჯახო რელიქვიები. მუზეუმი გაიხსნა 1947 წელს. მუზეუმს უკავია ალ. ჭავჭავაძისეული სასახლის ცენტრალური ნაწილის I და II სართული, ფართო აივნით და ორი ვესტიბიულით. ვესტიბიულში მოქანდაკე ვანო პატარიძის მიერ შესრულებულ ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიუსტია.
   მუზეუმს აქვს ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა ფონდი, ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი. აქ ინახებასაგვარეულო საბუთები, საქმიანი ქაღალდები, ავეჯი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ოჯახის წევრთა და შთამომავალთა პირადი საბუთები. დღეს მუზეუმი ინვესტორებს გადაეცათ 49 წლიანი იჯარით.
                                                                                                     
 
ვიდეო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.