ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ვეჯინის ციხე
კახეთი
ვეჯინის ციხე - მდებარეობს გურჯაანის რაიონში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, გურჯაანიდან 7 კმ-ზე, სოფ. ვეჯინთან, მაღალ გორაკზე და X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება. ეს მძლავრი ციხე-სიმაგრე ნაგებია რიყის ქვით. ისტორიულ წყაროებში პირველად ვეჯინი (ვეჟინი) იხსენიება X ს-ის დასაწყისში, როცა კონსტანტინე III და კახეთის მთავარი კვირიკე I დაუზავდნენ ჰერეთის მმართველს ადარნასე პატრიკს. ვეჯინი ჰერეთის, შემდეგ კი კახეთის ცენტრი იყო. XI ს-ის 80-იან წლებში კახეთში ლაშქრობის დროს მეფე გიორგი II-მ უშედეგოდ სცადა ვეჯინის ციხის აღება. დროთა განმავლობაში გადაუკეთებიათ, განსაკუთრებით საფუძვლიანად კი _ XVIII ს-ში ციხის შიგნით რამდენიმე ეკლესია და სხვა ნაგებობებია. აღსანიშნავია ამაღლების, აღდგომისა და წმ. მარიამის ეკლესიები. ყოველი მათგანი რამდენჯერმეა გადაკეთებული, უცვლელად დგას მხოლოდ XV-XVI საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ციხის ქვემოთ, გზის პირას აღმართულია ყველაწმინდის ეკლესია. თავდაპირველად აქ რიყის ქვით ნაშენი მცირე ზომის ეკლესია მდგარა, რომელიც XVII ს-ის დასაწყისში აგურით ნაშენ ცენტრალურგუმბათოვან ეკლესიად გადაუკეთებიათ.  
                               ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.4 გვ.390-392
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.