ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კახეთი
კახეთი

კახეთი თუშეთთან ერთად მნახველისათვის მეტად სახარბიელო და "მსუყე ლუკმაა", შთაბეჭდილებებითა და განცდებით, ლანდშფტებითა და არქიტექტურული ძეგლებით.

  ამ ქვეყნის ხანგრძლივმა და ჭირნახულმა ისტორიამ მრავლად დატოვა არქიტექტურული ძეგლები - ციხე-ქალაქები და სიმაგრეები. მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის შედეგია ეკლესია-მონასტრების სიუხვეც, რომელთაგან ზოგი სახელგანთქმული წმინდა მამების მოღვაწეობას უკავშირდება.

  კახეთი საქართველოს აღმოსავლეთი მიჯნაა. მისი სახელწოდება ქართლოსის ერთ-ერთი ვაჟის, კახოსის, სახელიდან მოდის და დგეს სხვადასხვა ისტორიულ მხარეების ტერიტორიებს აერთიანებს: გარეკახეთსა და შიგნითა კახეთს, ქიზიყს, კუხეთსა და ჰერეთს... მისი ჩრდილო მეზობელი რუსეთია (ჩეჩნეთისა და დაღესტანის რესპუბლიკები), აღმოსავლეთ და სამხრეთ საზგვარს აზერბაიჯანთან იყოფს, ხოლო დასავლეთით საქართველოს მხარეებს- მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლს ემიჯნება.

  კახეთის ფართობი 12,2 კმ კვადრატია, რეგიონში ცხოვრობს 407,2 ათასი კაცი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 9% გახლავთ. მხარის 8 ადმინისტრაციული რაიონებიდან 5 (ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის) შიდა კახეთშია, საგარეჯოს რაიონი (გურჯაანის ნაწილთან ერთად) გარე კახეთის ტერიტორიაზეა, ხოლო სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები კახეთის ცალკე კუთხეს - ქიზიყს- შეადგენს. კახეთის ადმინისტრაციული ცენტრია თელავი.

  კახეთის უძველესი ისტორია ლეგენდისა და რეალობის საზგვარზეა ამოზრდილი: მისი თავდაპირველი სამხარეო დაყოფა ძმები ქართლოსიანების- კახოსის, კუხოსის და ჰეროსის სახელებთანაა დაკავშირებული: ლეგენდარული მატიანეს მიხედვით, სწორედ ისინი იყვნენ პირველი მამასახლისები და კახეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველური ტომების მამამთავრები. ძვ.წ. IV  საუკუნეში, როდესაც იბერიის სახელმწიფო ჩამოყალიბდა, კახეთი მის შემადგენლობაში შევიდა. ფარნავაზის მეფობისას (ძვ.წ. IIIს.) მის ქვეშევრდომ 8 საერისთავოს შორის კახეთის საერისთავოც იყო. ახ.წ.III-IVს საუკუნეთა მიჯნამდე კახეთის ცენტრი ჟალეთი იყო. ამ დროისთვის მეფე ასფაგურმა ციხე-ქალაქი უჯარმა ააშენა, რომელიც IV საუკუნის დამდეგს მეფე მირიანმა კახეთ-კუხეთის ცენტრად გახადა; მოგვიანებით კახეთს ჰერეთიც შეუერთდა. VII საუკუნის ბოლოს კახეთი დამოუკიდებელი სამთავრო (საეპისკოპოსო) გახდა, მას კვლავ ჩამოსცილდა ჰერეთი. 959 წელს კახეთის მთავარმა კვირიკე II-მ მორიგეჯერ მიიერთა ჰერეთის სამეფო და დედაქალაქი თელავში დაგაიტანა. XII საუკუნის სადაწყისში დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს სახელმწიფოს შეუერთა.

  XV საუკუნის ბოლოს საქართველო კვლავ დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სხვათა შორის ცალკე გამოიყო კახეთის სამეფოც. მისი დედაქალაქი პირველად გრემი იყო, შემდეგ-თელავი. საზღვარი არაგვსა და მტკვარზე გადიოდა და ამგვარად კახეთის სამეფო ფშავ-ხევსურეთს, საგურამოს და გარდაბანსაც მოიცავდა. სპარსეთთან განუწყვეტელმა ბრძოლამ და დაღესტნელთა შემოსევებმა - დიდმა ლეკიანობამ - ერთიანად გააჩანაგა ქვეყანა და ხალხისგან დაიცალა. XVII საუკუნის ბოლოს კახეთმა დაკარგა აღმოსავლეთი ნაწილი - დგევანდელი საინგილო. 1762 წელს ქართლი და კახეთი ერთიან ქართლ-კახეთის სამეფოდ გაერთიანდა და მას 1798 წლამდე მეფე ერეკლე II მართავდა. 1801 წელს სამეფო რუსეთმა შეიერთა. რუსეთის იმპერიის ნაწილად ყოფნისას კახეთი თბილისის გუბერნიაში შედიოდა და ძირითადად თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრებს მოიცავდა.

 

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.