ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
დინოზავრის ნაკვალევი
იმერეთი
მტაცებელი და ბალახისჭამია დინოზავრის 200-მდე უნიკალური ნაკვალევი დასავლეთ საქართველოში, 
ქ. თბილისიდან 260 კმ-ზე, მერგელოვან კირქვებზე 1933 წელსაა აღმოჩენილი. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 500 მეტრზე, ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაში დასავლეთის ექსპოზიციის საქარე (შავი ზღვი­დან მონაბერი) ფერდობებზე. აქ ნალექების წლიური რაოდენობა 2000 მმ-ს აღწევს. 
დინოზავრის ნაკვალევის სიახლოვეს რამდენიმე კარს­ტული მღვიმეა. მათგან უდიდესის ჯამური სიგრძე რამდენიმე ასეულ, ხოლო სიმაღლე 10 მეტრს აღწევს. დინოზავრის ნაკვალევისა და მღვიმეების დაცვის მიზნით 1935 წელს შეიქმნა ნაკრძალი, რომლის ბაზაზეც განვითარდა დაცული ტერი­ტორია. აქ, გარდა სპელეოლოგიურისა, შენარჩუნებულია გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, ზოოლოგიური და ბოტანიკური ძეგლები. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაფარულია კოლხური ტყეებით, რომლის ქვეტყეში მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ბუჩქნარების რამდენიმე სახეობა დომინირებს. 
დაცულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი მხო­ლოდ 3,5 კმ2-ია, შვიდ ათეულამდე სახეობის მცენარეა წარმოდგენილი. უმაღლეს მცენარეთა სამი სახეობა კავკასიის, ხოლო ერთი  საქართველოს ენდემია. ხემცენარეების თითქმის ნახევარი მესამეული პერიოდის რელიქტია, რაც იშვიათი მოვლენაა ანალოგიურ განედებში მდებარე ტერიტორიებისთვის. რელიქტებიდან აღსანიშნავია: კავკასიური რცხილა (ჩარპინუს ცაუცასიცა), ქართული მუხა (უერცუს იბერიცა), აღმოსავლეთის წიფელი (აგუს ორიენტალის), წაბლი (ჩასტანეა სატივა), იმერეთის ხეშავი (ღჰამნუს იმერეტინა), ჩვეულებრივი მურყანი (ლნუს ბარბატა), კოლხური ჯონჯოლი (შტაპჰყლეა პინნატა), ბზა (უხუს ცოლცჰიცა) და სხვ. ბზა კორომების სახით მარადმწვანე ქვეტყეს ქმნის, რომლის ცალკეულ ეგზემპლართა ასაკი საუკუნეს აღწევს. დაცულ ტერიტორიაზე ხუთ ათეულზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, რომელთაგან მრავალფეროვნებით აქაური ფრინველთა სამყარო გამოირჩევა. 
დაცული ტერიტორიის სიახლოვეს არაერთი უძველესი ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლია. მათგან აღსანიშნავია ვანის ანტიკური ნაქალაქარი, ადრეული შუა საუკუნეების უბისის ეკლესია, მოწამეთას ეკლესია და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსი და ბაგრატის ტაძარი. 
 
სტატიის სპონსორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.