ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
თელავი
კახეთი
თელავი - თბილისიდან 160 კმ-ში მდებარეობს. კახეთის ქალაქებს შორის თელავი ერთ-ერთი უძველესია. თელავი კახეთ-ჰერეთის მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობდა და ამან განაპირობა შუა საუკუნეებში მისი აღმავლობა. თელავის ქალაქად დამკვიდრება უფრო გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება, მაგრამ პირველ საუკუნეებში აქ ძლიერი დასახლებული პუნქტი ყოფილა, V-VI საუკუნეებიდან აქ შემორჩენილია ისეთი ღირსშესანიშნავი ძეგლი, როგორიცაა `ღვთაების ეკლესია~.
თელავის ქალაქად გადაქცევის ისტორია უშუალოდ VIII-X საუკუნეების ამბებთან არის დაკავშირებული. ამ ხანებში კახეთ-ჰერეთი ძლიერი პოლიტიკური ერთეული ხდება და მისი ცენტრია თელავი. ისტორიული საბუთის მიხედვით XI საუკუნიდან თელავი მნიშვნელოვანი ქალაქია, ამ ეპოქის დიდ მშენებლობაზე მიგვითითებს აგრეთვე ე.წ ძველი გალავნის ნანგრევებიც. ამ პერიოდში კახეთ¬ჰერეთის განდგომის პოლიტიკა ძალიან აფერხებდა ერთიანი საქართველოს შექმნის საკითხს. საქართველოს გასაერთიანებლად ბრძოლა საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა და ხშირად მწვავე ხასიათს იღებდა. ამ მძიმე სიტუაციას დავით აღმაშენებელმა დაუსვა წერტილი, როდესაც საქართველო გააერთიანა.
გვიანფეოდალური ხანის დაქუცმაცებულ საქართველოში ისევ წარმოიშვა ცალკეული ერთეულები, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკონომიურად მოღონიერებულ კახეთს ეჭირა. კახეთის ახალმა სამეფომ ახალი ცენტრი გაიჩინა გრემის სახით. გრემისათვის საბედისწერო აღმოჩნდა XVII საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰის შაჰ-აბასის I-ის 1616-1625წწ თავდასხმა, რის შემდეგაც წელში ვეღარ გაიმართა.
XVII საუკუნის 60-იან წლებში თელავს ხელსაყრელი პირობები დაუდგა. მეფე არჩილმა ისარგებლა ხანმოკლე მშვიდობიანობით და თელავში სამეფო სასახლე ააგო. ამით იწყება თელავის აღორძინების ახალი ხანა; თელავი კვლავ ხდება კახეთის მეფეთა რეზიდენცია. აქ დანიშნული ირანელი მოხელეები კი ცოტა მოშორებით, ყარაჯში სახლდებიან. 
XVIII საუკუნის დამდეგიდან კვლავ დაიწყო გამოცოცხლება თელავში. დავით XI (იმამ-ყული-ხანმა) თავისი სასახლე თელავში დადგა. ამ დროიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ბოლომდე მეფეთა რეზიდენცია იყო. ფეოდალური ხანის თელავში შექმნილი დიდი ანსამბლებიდან ჩვენამდე მოღწეულია `ბატონის ციხე~, `ვახვახიშვილების ციხე~, `ყორჩიბაშიშვილების ციხე~ და `ძველი გალავანი~.
მას შემდეგ, რაც ამ ციხეებმა თავიანთი ფუნქცია დაკარგეს, ნაგებობათა დიდი ნაწილი დაინგრა, ზოგი გადაკეთდა, ზოგიერთის ნაცვლად ახალი აიგო, ამასთანავე, ქალაქი გაიზარდა, აშენდა მაღალი სახლები. დღეისათვის ყველაზე კარგად `ბატონის ციხე~ გამოიყურება. `ბატონის ციხე~ კახთ მეფეთა რეზიდენცია იყო და უთუოდ ამიტომაც ერქვა ეს სახელი. როგორც მეფეთა სამყოფი, იგი ყველაზე დიდი იყო. ამჟამად `ბატონის ციხე~ შედგება ვრცელი გალავნის, სასახლის, აბანოსა და ეკლესიებისაგან.
ციხის კედლებს სამ ჰექტრამდე ადგილი უჭირავს. გალავანი ორი უსწორმასწორო ოთხკუთხედისგან შედგება, რომელთაგან მთავარია აღმოსავლეთის მონაკვეთი. აქ იდგა მეფის სასახლე და კარის ეკლესია. ფაქტიურად იგი შიდა ციხის, ციტადელის მოვალეობას ასრულებდა. ორივე გალავანს ცალ-ცალკე ჰქონდა ალაყაფის კარი. შუაზე გამავალ კედელში მათი დამაკავშირებელი გასასვლელი იყო დატანებული. ალაყაფის კართაგან მარტივი ფორმა აღმოსავლეთისას ახასიათებს, ხოლო დასავლეთისას, საზეიმო იერი აქვს. ამგვარ გადაწყვეტაში ჩანს აგების ხანა: პირველი მათგანი XVII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული, მეორე XVIII საუკუნის შუა ხანებში.
აღმოსავლეთით მდებარე ალაყაფის კარი ორსართულიან ოთხკუთხედ კოშკშია მოთავსებული. ზემოთ საცხოვრებელ-საყარაულოა. ციხის გალავანი XVIII საუკუნის შუა ხანების ძეგლია. მემატიანე პაპუნა ორბელიანის სიტყვით, ერეკლე მეფემ 1753 წელს `განასრულა გალავანი თელავისა~, შესაძლოა მასში ჩართული იყოს XVII საუკუნის გალავნის კედლებიც. ახალი გალავნის კუთხეებში ცილინდრული კოშკებია აღმართული. ამავე დროს, ორივე ნაწილის სამხრეთი მხარე წარმოადგენდა ერთ მთლიან კედელს, რომლის შუა ნაწილი მთლიანად გამოწეულია, რათა კედელთან მომდგარი მტერი თვალწინ ჰყოლოდათ. წამოწეული ნაწილის ზემოთ მოწყობილია საზარბაზნეები, სათოფურები და სალოდეები. 
დასავლეთიდან გალავანში შესასვლელი კოშკის გეგმა მოგრძო სამკუთხედია. მისი პირველი სართული მაღალკედლიანია, მაში განლაგებულია სათოფურები. კოშკის ეზოსკენ მიმართული ფასადი სადაა, გარე კი დეკორატიულადაა გადაწყვეტილი. გალავნის კუთხეებში დგას ცილინდრული კოშკები, კოშკები ორ და სამ სართულიანია. შესასვლელები ეზოდან აქვს. კედლებში შიგნიდან განლაგებულია ბუხრები, სარკმლები, სათოფურები და სხვა. ციხის გალავანი ორიარუსიანია, ქვედა იარუსი თითქმის ყრუა. ზედა იარუსის კედლები კი თხელია და მათში განლაგებულია თავდაცვითი ელემენტები. ამ ხაზის წინ შექმნილია მებრძოლთა სასიარულო ბილიკი.
ციტადელის შიგნით მდგარ ნაგებობათაგან პირველ რიგში აღსანიშნავია სასახლე. იგი აგებულია XVII საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს არჩილ მეფის მიერ. მას მცირე გადაკეთება განუცდია აგრეთვე ერეკლე მეფის დროსაც. XIX საუკუნის დასაწყისში იგი რუსეთის სამხედრო პირთა ხელში გადავიდა და დაზიანდა. 1865 წელს, როცა ამ შენობაში წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი გაიხსნა, სასახლე სამსართულიან შენობად გადააკეთეს. ადრეული ფენიდან შედარებით უკეთ არის მოღწეული ვრცელი დარბაზი და ნაწილობრივ კუთხის ოთახები, ახლა იგი რესტავრირებულია.
სასახლის სამხრეთით მდგარა საკმაოდ მოზრდილი აბანო. მისგან გადარჩენილა მხოლოდ საბანაო ოთახი აუზით და საქვაბე. ამ აბანოს კედლები მოხატული ყოფილა როგორც როსტომ მეფისეული აბანო თბილისში. 
ციტადელის ეზოშივე დგას ორი ეკლესია. ერთი მათგანი მცირეა და არაფრით არ არის ღირსშესანიშნავი (XVII საუკუნეშია აგებული). მეორე კი უფრო მოზრდილია და ერეკლე II-ის კარის ეკლესიას წარმოადგენს (აგებულია 1758 წელს). ეკლესია ორიგინალურადაა გადაწყვეტილი _ იგი არა მარტო საკულტო, არამედ თავდაცვითი ნაგებობაცაა. მას XVIII საუკუნის ზოგიერთი სხვა ეკლესიის მსგავსად, სახურავის ქვეშ მოწყობილი აქვს სათოფურები. 
ციტადელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ათიოდე მეტრის დაშორებით, დგას დიდი ბურჯი, რომლის დიამეტრი 14 მეტრია. იგი სპეციალურად საარტილერიო პუნქტად ყოფილა აგებული, ბურჯზე XIX საუკუნის 40-იან წლებამდე იდგა 7,5 მ სიგრძის ზარბაზანი.
`ვახვახიშვილის ციხე~ `ბატონის ციხის~ აღმოსავლეთით, ხევგაღმა მდებარეობს და მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ზაალ ვახვახისვილს ძმასთან ერთად ეს ზღუდე თავის სავანედ აუგია 1743 წელს.
ციხის გალავანში ჩართული იყო ექვსი კოშკი. მას შემდეგ, რაც ციხემ თავისი ფუნქცია დაკარგა, კოშკები საცხოვრებლად გადაუკეთებიათ 
`ყორჩიბაშიშვილების ციხე~ განხილული კომპლექსების დასავლეთით მდებარეობს. აღწერილთა მსგავსად, ისიც ალაზნის ველს გადაჰყურებს. დღეისათვის ციხის ტერიტორია მჭიდროდაა დასახლებული და ძველი მოხაზულობაც აღარ დგინდება. 
ციხის შიგნით ათზე მეტი სხვადასხვა ზომის ნაგებობა მდგარა. ასეთი სიმრავლე არცაა გასაკვირი, რადგან ეს მარტო ციხე კი არ არის, არამედ ციხე-დარბაზია. ამაზე მიუთითებს ციხის შუაში მდგარი მოზრდილი ეკლესიაც. კედლების ფრაგმენტების მიხედვით, ციხე ორიარუსიანი ჩანს. სტილის მიხედვით, XVIII საუკუნეს მიეკუთვნება.
`ძველი გალავანი~ თელავის ციხეებიდან ყველაზე ადრეულია. იგი დგას თითქმის იმავე ხაზზე, რომელზედაც განლაგებულია აღწერილი სამი ციხე, მხოლოდ მას ამ ხაზის დასავლეთის ბოლო უკავია და სხვებთან ერთად გადაჰყურებს ალაზნის ველს. ციხის აგება დაკავშირებულია კახეთ-ჰერეთის გაძლიერებასთან X_XI საუკუნის მიჯნაზე. ტრადიცია მას კვირიკე დიდის საქმიანობას უკავშირებს.
თელავი და მისი ძველი ციხეები მრავალი ბრძოლის მოწმენი არიან. კახეთს განსაკუთრებით გაჭირდა XVIII საუკუნის 20-იან წლებში, როცა ქართლში ოსმალები იდგნენ, სპარსელები კარზე იყვნენ მომდგარნი, ხოლო ფაქტიურად უმეფოდ დარჩენილ ქვეყანაში ლეკები დათარეშობდნენ.
 
პ. ზაქარაია “საქართველოს ძველი ციხე-სიმაგრეები”. გამომც. საბჭოთა საქართველო”. 1988წ გვ.39-46


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.