რა გეგმები აქვს „მეღვინეობა ხარებას“ ჩინეთის ბაზარზე - ინტერვიუ მთავარ მეღვინესთან
8 ივნისს „მეღვინეობა ხარებამ“ ჩინეთში, ქალაქ შანხაიში წარმომადგენლობა გახსნა.
კომპანიის პროდუქციის 45%-ის ექსპორტი ჩინეთში ხდება. ჩრდილოეთ ჩინეთში „მეღვინეობა ხარებას“ გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა წარმომადგენლობის გახსნით გეგმავს, რომ სამხრეთ და ცენტრალურ ჩინეთშიც გახადოს მეტად პოპულარული და მოთხოვნადი მათი პროდუქცია.
წარმომადგენლობა არ არის მხოლოდ ოფისი შეხვედრებისთვის. კომპანიამ იქ უკვე აიყვანა გამოცდილი ჩინელი ღვინის ექსპერტები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებენ მოლაპარაკებებს პოტენციურ კლიენტებთან.
კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ წარმოების დირექტორმა და მთავარმა მეღვინემ ვლადიმერ კუბლაშვილმა Travelingeorgia-სთან ჩინეთში ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნაზე, ქართული ღვინის პოპულარიზებაზე და კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
-ბატონო ვლადიმერ, როგორც ცნობილია, თქვენი კომპანიის პროდუქცია ძალიან ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი, რატომ გადაწყვიტეს წარმომადგენლობის გახსნა მაინც და მაინც ჩინეთში, რატომაა თქვენთვის პრიორიტეტული ეს ქვეყანა?
- კომპანია “მეღვინეობა ხარება” ძალიან კარგად არის წარმოდგენილი ჩინეთში და მოიცავს ქართული ღვინის კატეგორიიაში გაყიდვების დაახლოებით 15%, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ქვეყანა დიდი მოცულობისაა.
სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს კომპანიას გაყიდვები აქვს ჩრდილოეთ ჩინეთში, მაგრამ ზოგადად ალკოჰოლური სასმელების ეკონომიკის მონაცემებით ღვინის მოხმარების მაღალი დონე არის ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში, ანუ რეალურად, ჩვენ დავინახეთ დიდი ფანჯარა ჩვენი პროდუქციის მეტად პოზიციონერებისათვის ჩინეთის იმ რეგიონებში, ამიტომ გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ ჩვენი მეცადინეობა და შევუწყოთ ხელი ჩვენს პროდუქციის გაყიდვებს ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში.
რამდენიმე კვირის წინ ჩვენი აზიის ოფისი გაიხსნა ქალაქ შანხაიში. ეს არ არის ადგილი მხოლოდ შეხვედრებისათვის. ჩვენ ავიყვანეთ გამოცდილი კადრები, ჩინელი ღვინის ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ჩვენს ოფისში ყოველდღიურ რეჟიმში. შესაბამისად, უკვე წარმატებებსაც მივაღწიეთ, რადგან გვაქვს ხელსაყრელი შესაძლებლობა, რომ გვქონდეს პირდაპირ მოლაპარაკება პოტენციურ კლიენტებთან.
-რამდენ პროცენტიანი ექსპორტი გაქვთ ჩინეთში?
-თუ გადავხედავ მონაცემებს, ზოგადად ჩინეთი არის ერთ-ერთი კარგი გეოგრაფია ქართული ღვინის გაყიდვისათვის. რაც შეეხება ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ჩვენი ექსპორტის 45% მოდის ჩინეთში, ანუ უკვე გექნებათ წარმოდგენა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ქვეყანა.
ეს წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს გაყიდვებს. რადგან ჩვენ გეოგრაფიულად ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, დროის სხვადასხვა სარტყელში, ადგილზე გამოცდილი კადრის ყოველდღიური ჩართულობა ხელს შეუწყობს სამომავლო პერსპექტივაში ჩვენი გაყიდვების გაზრდას.
-რა გეგმები გაქვთ ჩინეთთან დაკავშირებით კიდევ?
-ამ ოფისის საშუალებით ჩვენ გვეგმავთ ჩვენს მარკეტინგულ აქტივობებს. მაგალითად, წელს უკვე დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ღვინის გამოფენაში მონაწილეობა. აგრეთვე ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროდუქცია აქტიურად იყოს წარმოდგენილი ჩინეთის მასშტაბით სხვადასხვა შეჯიბრებეში, განსაკუთრებით ჰონკონგში.
მომავალში აგრეთვე ვაპირებთ, ოფისთან ერთად სასაწყობო მეურნეობის გახსნას, სადაც წინასწარ გადავიტანთ ჩვენს პროდუქციას. ამით ხელს შევუწყობთ ჩვენი პროდუქციის on-line გაყიდვებსაც.
ჰონკონგი ჩვენთვის არის ის ადგილი, სადაც შესაძლებლობა გვაქვს „მეღვინეობა ხარებას“ პრემიუმ კლასის პროდუქციის გაყიდვის. იქ უფრო გამოცდილი და ხარისხის დამფასებელი ღვინის მომხმარებელი არის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოები შევთავაზოთ ადგილობრივ იმპორტიორებს.
-გაქვთ თუ არა ჩინეთის გარდა სხვა ქვეყანაში წარმომადგენლობა და რომელ ქვეყნებშია ექსპორტი ყველაზე დიდი, ჩინეთის შემდეგ?
-ჩვენის კომპანიის რეალობაში ექსპორტის მაჩვენებლებით პირველ ადგილზე ჩინეთია, მეორე ადგილი რუსეთს უჭირავს, მესამე პოლონეთს, ხოლო შემდეგ ევროპის კონტინენტი მოდის.
რაც შეეხება წარმომადგენლობას, ჩვენი ოფისები განთავსებულია გერმანიაში და იტალიაში, სადაც ასევე გვაქვს საფირმო ღვინის მაღაზია, ქალაქ ბარიში.
www.travelingeorgia.ge