ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი მახინჯაური
კატეგორიები
კურორტ მახინჯაურის ტერიტორია ჰიფსომეტრიულად არის განლაგებული ზღვის დონიდან 15-100 მეტრზე, კარა-დარესა და მწვანე კონცხებს შორის. აქ არსებულ სუბთერმულ მინერალურ წყალს ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში იყენებდა სამკურნალოდ. წყლის პირველი მეცნიერული კვლევა კი 1912 წელს ჩატარდა, აშენდა სააბაზანო
შენობები და მახინჯაურის, როგორც კლიმატურბალნეოლოგიური კურორტის ისტორიაც ამ დროიდან დაიწყო. მახინჯაურს ჩრდილოეთიდან აჭარის შავიზღვისპირეთის ულამაზესი ადგილი - მწვანე კონცხი ესაზღვრება. ისტორიულად ამ ადგილს სასირე ყელი ეწოდებოდა. მწვანე კონცხი მას შეარქვეს რუსმა მოაგარაკეებმა, რომლებიც აქ XIX საუკუნის II ნახევარში
ჩამოსახლდნენ და საზაფხულო სახლები აიშენეს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სააგარაკო სახლების უმრავლესობა სანატორიუმებად გადაკეთდა. ვინაიდან მათი უმრავლესობა მწვანე კონცხის მთიან ნაწილზე იყო აგებული, დამსვენებელთა კომფორტისთვის სანატორიუმებიდან პლაჟამდე ბაგირგზა მოეწყო. მწვანე კონცხის ულამაზეს წვრილკენჭოვან პლაჟსა და სუფთა წყალს, რომელიც საუკეთესოა არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულებისთვისაც, ბათუმის ბოტანიკურ ბაღი გადმოჰყურებს. ბაღი 110 ჰექტარს მოცავს. მცენარეულობა წარმოშობის მიხედვით თავმოყრილია 9 ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში. გარდა ამისა, ბაღი მოიცავს ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკებს, საცდელ და საკოლექციო ნაკვეთებს, სათბურებსა და ორანჟერეებს ტროპიკული მცენარეებისთვის.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს XIX ს-ის ბოლოს საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთმა მოაგარაკემ, ფრანგმა მებაღე-დეკორატორმა,
მიხეილ დ'ალფონსმა, რომელმაც თავდაპირველად საკუთარი სახლის გარშემო გააშენა ულამაზესი პარკი სხვადასხვა
რელიეფური ფორმებითა და იმ დროისთვის უცხო მცენარეებით: ოლეანდრებით, პალმებით, კვიპაროსებით, კედრებით,
ზეთისხილებით... ამჟამად დ’ალფონსის აგარაკი ბოტანიკური ბაღის ნაწილია და „ქვედა პარკად“ იწოდება.
 
1. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზედა პარკი
2. ბოტანიკური ბაღის დირექცია განთავსებულია რუსი მეწარმის, პაველ ტატარინოვის ყოფილ აგარაკში.
 
მდებარეობა: შავი ზღვის სანაპიროს ვიწრო ზოლი, ქ. ბათუმიდან ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ-ის მანძილზე.
მანძილი: თბილისიდან – 350 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 15-100 მ.
რელიეფი: ვაკე.
კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,70C. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,60C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2750 მმ.
ჰაერის საშ. ფარდობითი ტენიანობა: 81%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და სუბთერმული (ტემპერატურა 230C - 260C), სუსტად სულფიდური, კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის (ტუბერკულოზისა და ბრონქული ასთმის გარდა), გულ-სისხლძაღვთა, შარდსასქესო
(ქრონიკული პროსტატიტი) და ნერვული სისტემების, ასევე გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.