ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მთავარანგელოზის ეკლესია
კახეთი
მთავარანგელოზის ეკლესია საქართველოში გავრცელებული ცენტრალურგუმბათოვან ნაგებობათა ტიპისაა. ეკლესიის დასავლეთის კარის თავზე სამსტრიქონიანი ბერძნული წარწერაა: `აქ აღიმართა და განახლდა ღვთაებრივი და ყოვლად წმინდა  ტაძარი ყოველთა უდიდესთა მიქაელისა და გაბრიელისა, სახელოვანისა მეფის ლეონის შეწევნით, ხარჯით, გულსმოდგინებითა და შრომით, მაშინ, როდესაც მღვდელმთავარი იყო ნიკოლოზი 7085 წელს. წარწერაში მოცემული თარიღი ჩვენი წელთაღრიცხვით 1577 წელს უდრის. (წარწერაში მოხსენიებული `მღვდელთმთავარი ნიკოლოზი~ უნდა იყოს ალავედელი ნიკოლოზი).
კედლის მხატვრობამ (ფრესკებმა) შესაძლოა XVII საუკუნეში განიცადა რესტავრაცია. თვით ეკლესიის მშენებელი ლეონ კახთა მეფე (1520-1574წწ) გამოსახულია დასავლეთის კედელზე: იგი დგას ღვთისმშობლის წინაშე ეკლესიის მაკეტით ხელში, ზევით ძველი ქართული წარწერაა: `მეფე ლეონ აღმაშენებელი. ლეონ მეფის მიერ გრემის ტაძარი აგებულია 1565 წელს, მისი საფლავი ფრესკის ქვემოთ უნდა იყოს.
მთავარანგელოზის ტაძარი ნაშენია ქართული აგურით, შიგადაშიგ რიყის ქვაც ურევია. ძირითად დეკორატიულ ელემენტს ფასადებზე წარმოადგენენ აგურის წყობით გამოყვანილი დიდი ჯვრები. ტაძარი ადრე დახურული ყოფილა ცისფერი, მოჭიქული კრამიტით. `შესასვლელი სამი მხრიდან _ დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადები დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთებად. ასეთი¬ვე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე IIს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.~
ეკლესიის გვერდზე სამეფო პალატია აღმართული, რომლის ბოლო სართულზე სამრეკლოა. XV საუკუნეშია აგებული მეფეთა პალატის ერთსართულიანი ნაწილი. შემდეგ XVI საუკუნეში აშენდა მეფეთა პალატის დანარჩენი ნაწილი. მეფეთა პალატის პირველ სართულზე მოწყობილია მუზეუმი, სადაც გამოფენილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, დაწყებული ჩვენს წელთაღრიცხვადე VII საუკუნიდან დამთავრებული XVIII-XIX საუკუნით. მუზეუმში ექსპონირებულია ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნით დათარიღებული საბრძოლო ცულები, რომელიც სოფელ შილდის ზევით, მდინარე ჩელთის ხეობაში, კერძოდ კი შუაგორშია აღმოჩენილი. ასევე აქ შეხვდებით შედარებით გვიანი პერიოდის შუბისა და ისრის ბუნიკებს, ხმლებსა და ხანჯლებს. საინტერესოა თიხის ჭურჭლის ნაშთები და XVIII-XIX საუკუნის კაჟიანი თოფები `ხირიმები. მეორე სართულზე შეხვდებით სამეურნეო იარაღებს: გუთანს, ფიწლებს, კევრებს და ა.შ. მესამე სართულზე კახეთის მეფეთა და დედოფალთა სურათებია გამოფენილი. ბოლო სართულიდან კი სამრეკლოზე ავდივართ. სამრეკლოდან იშლება ულამაზესი ხედები ალაზნის ვაკისა, კავკასიონისა და გომბორის ქედისა. მეფეთა პალატიდან სულ რაღაც 15 მეტრში ოთხკუთხა კოშკიდან ჩადის საიდუმლო გვირაბი, რომლის გათხრის დროს აღმოაჩინეს ძველებური საომარი მშვილდი, რომელიც მუზეუმის ექსპონანტებს შორისაა გამოფენილი. სავარაუდოდ გვირაბი მდინარე ინწობაზე ჩადიოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გვირაბი ბოლომდე არ არის გათხრილი და შესწავლილი ანუ შესაძლებელია მისი გათხრის შედეგად გაირკვეს თუ სად მთავრდებოდა გვირაბი და აღმოჩნდეს მრავალი საინტერესო ნივთი. 
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.