ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ლალისყურის ციხე
კახეთი
ლალისყურის ციხე - მდებარეობს ალაზნის მარცხენა მხარეს, სოფელ ლალისყურში. იგი ამ ტიპის სიმაგრეებისგან გამოირჩევა მცირე ზომებით. მისი ერთადერთი შესასვლელი ვიწროა, ამიტომ ჭიშკრის როლს ვერ შეასრულებდა და ამდენად ბორბლიანი ტრანსპორტი ვერ იმოძრავებდა.
ციხის კედლები შესამჩნევადაა დაზიანებული. მათი სიმაღლე ოთხ მეტრს არ აღემატება. კედლის ქვედა ნაწილი ყრუა. მეორე იარუსის წინ ხის კოჭებზე გაწყობილი მებრძოლთა ბილიკია. ამ იარუსის კედლებში ჩარიგებულია ცალმხრივი და ორმაგი სათოფურები
გალავნის კუთხეებში მდგარი ცილინდრული კოშკებიც დაზიანებულია, ამიტომ სართულიანობა არ ირკვევა. კოშკებს ეზოდან ორივე სართულზე ცალცალკე აქვს შესასვლელი.
ციხე მთლიანად ნაგებია რიყის ქვით. ეზოში თავდაპირველი ნაგებობები არ შემორჩენილა, ამჟამად დგას გასულ საუკუნეში აგებული ეკლესია, ულაზათო სამრეკლოთი.
ციხე ისტორიულ საბუთებში არ იხსენიება და მის კედლებზე არც წარწერაა შემონახული. ადგილობრივი მცხოვრებნი გადმოგვცემენ, რომ მათ სოფელს ციხე არ ჰქონია და შიშიანობის დროს ლალისყურის ციხეს ვაფარებდით თავსო. ეს კი ორ უხერხულობასთან იყო დაკავშირებული. პირველი _ ციხე სხვა მებატონისა იყო და თანაც იგი იმ სოფელს ძვლივს ყოფნიდა. მეორე _ ორ სოფელს შორის მდინარე სტორი გადიოდა, რომელიც საკმაოდ ძნელი გადასალახი იყო, ამიტომ იძულებულნი გამხდარან ციხე აეგოთ. ტიპით და სხვა ნიშნებით ციხე სწორედ ლეკიანობის ძნელბედობის-დროინ¬დელია, ფშავლის ციხე XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედშია აგებული.
 
პ. ზაქარაია “საქართველოს ძველი ციხე-სიმაგრეები” გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო” 1988წ. გვ.153-154
 
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.