ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
თელავი და ბატონის ციხე
კახეთი
თელავი კახეთის რეგიონის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქად ჩამოყალიბდა VIII-X სს-ში, როგორც რანთა და კახთა სამეფოს დედაქალაქი. XII საუკუნიდან, როდესაც დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთის სამეფო გააუქმა, თელავმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მცირე ქალაქის სახით განაგრძო არსებობა. XVII საუკუნის 60-იანი წწ-დან თელავი კვლავ კახეთის სამეფოს დედაქალაქია. ამ ეპოქის თელავის დიდი კომპლექსებიდან დღემდე მოღწეულია: „ბატონის ციხე“, „ვახვახიშვილების ციხე“, „ყორჩიბაშვილების ციხე“ და „ძველი გალავანი“.
 
თელავის ცენტრში მდებარე კახეთის მეფეთა რეზიდენცია „ბატონის ციხე“ მოიცავს 3 ჰა ფართობს. მის ტერიტორიაზეა: გალავანი (ააგო კახეთის მეფე ერეკლე II-მ 1753 წ.), სამეფო სასახლე (აგებული XVII ს-ის 60-იან წწ., არჩილ მეფის მიერ. 1865 წელს ამ შენობაში წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი გაიხსნა და სასახლე სამსართულიან შენობად გადაკეთდა. ამჟამად აქ თელავის მუზეუმია), აბანო (სამხრეთ ნაწილში, ამჟამად შემორჩენილია საბანაო ოთახი და საქვაბე. აბანოს კედლები მოხატული ყოფილა) და ორი ეკლესია (მცირე ეკლესია და ერეკლე II-ის კარის ეკლესია, აგებული 1758 წელს. ეს უკანასკნელი იმავდროულად თავდაცვითი ნაგებობაცაა  სახურავის ქვეშ მოწყობილი აქვს სათოფურები). ციტადელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ათიოდე მეტრში დგას დიდი ბურჯი (დიამეტრი  14 მ.). მასზე XIX საუკუნის ორმოციან წლებამდე იდგა 7,5 მ. სიგრძის ზარბაზანი.
 
სტატიის სპონსორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.