ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
წინანდალი
კახეთი
თელავის მახლობლად მდებარეობს ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786-1846) სახლ-მუზეუმი. მამამისი გარსევან ჭავჭავაძე ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (1744-1798) ელჩი იყო რუსეთში. თვით პატარა ალექსანდრე კი რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ მონათლა. ამდენად, მას ბავშვობიდანვე არისტოკრატიულ გარემოში უხდებოდა ყოფნა. ევროპული განათლების, ცხოვრების წესის გავლენა იგრძნობა ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ მოწყობილ წინანდლის მამულში. იგი იყო პირველი, ვინც საქართველოში შემოიტანა ეტლი და როიალი. მან ევროპელი დიზაინერების გეგმით გააშენებინა წინანდლის ბაღი, რომელიც 12 ჰექტარზეა გადაჭიმული და ევროპული, აზიური და ამერიკული წარმოშობის უამრავ ეგზოტიკურ მცენარეს შეიცავს. ალექსანდრე დიუმამ წინანდლის პარკს `ედემის ბაღი~ უწოდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძე, მისი მეუღლე სალომე ორბელიანი და მათი ოთხი შვილი (დავით, ნინო, ეკატერინე და სოფიო ჭავჭავაძეები) ცნობილი იყვნენ თავიანთი სტუმართმოყვარეობით. წინანდალს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ: ალექსანდრე დიუმა, ფრანგი ისტორიკოსი მარი-ფელისიტე ბროსე, რუსი პოეტები ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი და ალექსანდრე გრიბოედოვი.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგიის შემოტანით განაახლა საქართველოში ათასწლეულებით დამკვიდრებული ღვინის წარმოების ტრადიცია. გააუმჯობესა კახური ღვინის ხარისხი, შამპანური ღვინოებისა და კონიაკის დასამ­ზადებლად დანერგა და განავითარა ორიგინალური ტექნოლოგიები. ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი ენოლოგი საქართველოში. მან წინანდალში ღვინის საწარმო, ორთქლით არყის სახდელი საწარმო და უზარმაზარი მიწისქვეშა ღვინის მარანი ააშენა, რო­მელ­შიც დიდი ქვევრები განალაგა და კასრების სახელოს­ნოც გახსნა. წინანდლის ენოთეკაში დღემდე დაცულია ალექსანდრე ჭავჭავაძის პირადი ღვინის კოლექცია, რომელიც 70 მარკის 16500 ბოთლ ღვინოს შეიცავდა. 
ალექსანდრეს და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1846-1847 წლებში, წინანდლის მამულს მათი შვილები: ჯერ ნინო, შემდეგ კი დავითი მართავდნენ. 1854 წლის 4 ივლისს შამილის რაზმებმა დაარბიეს წინანდლის სასახლე. შემდგომში დავით ჭავჭავაძე ცდილობდა წინანდლის მამულის განვითარებას, ბანკიდან იღებდა სესხს. თუმცა იგი ვერ აღმოჩნდა მამამისივით წარმატებული მეურნე, ვალები დაედო. წინანდლის მამული რუსეთის მთავრობას გადაეცა, ხოლო ჭავჭავაძეების საგვარეულო მიწები გაიყიდა.
საბჭოთა პერიოდში წინანდალი სამთავრობო რეზიდენცია იყო. 2007 წლიდან `აბრეშუმის გზის ჯგუფმა (შილკ ღოად Gროუ) შეისყიდა და რესტავრაცია ჩაუტარა წინანდლის მუზეუმს. მას მიენიჭა თანამედროვე მუზეუმის ფუნქცია, მუზეუმის ნაწილი განკუთვნილია კერძო ან სახელმწიფო ღონისძიებებისთვის. რესტავრაციის შემდგომი წინანდალი 4 ნაწილისგან შედგება: სახლ-მუზეუმი, პარკი, სასტუმრო ცენტრი და ენოთეკა (ღვინის ქარხანა და მარანი). 
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა  "კლიო"
 
www.klio.ge
ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.