საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება უძველეს ისტორიაში იღებს სათავეს. ძეგლთა დაცვის სფერომ კი როგორც დარგმა ჩამოყალიბება XIX საუკუნეში დაიწყო. ამ პერიოდში უკვე ცალკეული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლისა და დაცვის საქმეში – აყალიბებენ სხვადასხვა გაერთიანებებს, საზოგადოებებსა და ორგანიზაციებს. მიზანად ისახავენ შემორჩენილ სიძველეთა თავმოყრას, შენარჩუნებას, კვლევასა და დაცვას.
1921 წელს სახალხო კომისარიატთან შეიქმნა სამუზეუმო სიძველეებისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სექცია. ამ დროიდან საქართველოს კულტურის ძეგლებს სახელმწიფო იცავდა და 1923-1924 წლებში განსაკუთრებული იყო მისი როლი ქვეყანაში ანტირელიგიური კამპანიის დროს.
1934 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის კომიტეტი.
1948 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოები.
1959 წელს, კი პირველად საბჭოთა კავშირში დაარსდა ნებაყოფლობითი ორგანიზაცია _ საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება. მის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენა, დაცვა, აღდგენა-გამაგრება და შესწავლა.
1977 წელს საქართველომ მიიღო კანონი „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“, ხოლო 1978 წლის დადგენილებით გაუქმდა ძეგლთა დაცვის მანამადე არსებული ორგანო და შეიქმნა ისტორიის, კულტურის, ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო (შემოკლებით ძეგლთა დაცვის სამმართველო).
2004 წელს, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურაში შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი, სხვადასხვა მიმართულების სამმართველოებით, რომელმაც დამკვეთისა და მაკონტროლებლის ფუნქცია შეითავსა. ამ პერიოდიდან დაიწყო ახალი ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში. სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა“ სახელმწიფოს მიერ სფეროს მზარდი დაფინანსების მკაფიოდ გამოხატული ტენდენციით და კულტურული მემკვიდრეობის მართვის ევროპულ მოდელთან მისადაგებული სტრუქტურით.
2008 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით ჩამოყალიბდა ძეგლთა დაცვის ორგანიზაცია - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვადასხვა და უაღრესად სპეციფიკური მიმართულებებით - მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმები, მუზეუმ-ნაკრძალები და არქეოლოგიური საიტები, საინფორმაციო სისტემები, კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია, ძეგლთა მონიტორინგი და დოკუმენტირება, საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეიქმნა ქვეყნის ეროვნულ და მსოფლიო მნიშვნელობის კომპლექსური ძეგლების ბაზაზე, წარმოადგენს მათ ერთობლიობასა და სამართალმემკვიდრეს.