ტყიბულის რაიონი, რომელიც ისტორიულ ოკრიბას მოიცავს, მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ - ქვემო იმერეთში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე. იგი გაშენებულია მდინარე ტყიბულას (მდ. მყვირილას მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ჭიათურა, სამხრეთით თერჯოლა, სამხრეთ-დასავლეთით ქალაქი ქუთაისი და დასავლეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. საზღვრების საერთო სიგრძე 120 კმ-ს შეადგენს, მთლიანი ფართობი კი 470 კმ2-ს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: ლეხიდარი, ძუსა, ტყიბულა, მაღარა-ჭიშურა, წყალწითელა, ქვეხუნა. არის რამდენიმე ჩანჩქერი მუხურასა და ძმუისში.
ფლორა და ფაუნა წარმოდგენილია როგორც ვიწრო არეალის კოლხური, ასევე კავკასიური ენდემური სახეობებითა და ჯიშებით, რელიქტური მცენარეებია ბზა, უთხოვარი, შქერი, წაბლი. სოფელ სოჩხეთში დგას 1500 წლის ხე. გვხვდება კორომები: უთხოვარის - ცუცხვათში, წაბლის - მდინარეების ტყიბულასა და ძუსას ხეობაში.
ტყიბული მდიდარია ისეთი წიაღისეულით, როგორიცაა ქვანახშირი, დიპტოლიტური და ნახშიროვანი ფიქალები, ქალცედონი, ტეშენიტი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მინერალური წყალი: კურსებში, ბუეთში, სოჩხეთში, კოკაში, ცუცხვათში, მუხურასა და ლეღვაში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში შედის ათი ტერიტორიულ ერთეული: ქ. ტყიბული, 7 თემი: გურნა, კურსები ,ორპირი, საწირე, სოჩხეთი, ხრესილი, ჯვარისა და 2 სოფლი: მუხურა, ცუცხვათი. სულ სოფლების როდენობა შეადგენს 45-ს. ქართველები მოსახლეობის 99%-ია. გარდა ქართველებისა აქ ცხოვრობენ რუსები და უკრაინელები. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 14000-ს, ხოლო სოფლების მოსახლეობა 17 000-ს.
სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტია სიმინდი, განვითარებულია მევენახეობა, ჩაის კულტურა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მეცხოველეობა. კარგად ვითარდება მეფუტკრეობა, მეხილეობა.
ტყიბულში მრეწველობის ძირითადი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ქვანახშირის საბადოს აღმოჩენის თარიღად 1825 წელი ითვლება, ხოლო მისი სამრეწველო დამუშავება- ექსპლოატაცია 1846 წელს დაიწყო.
„ოკრიბა" პირველად მოიხსენიება 1071 წლის ნიკორწმინდის „იადიგარში", ხოლო ტყიბული კი დაახლოებით 1259-1293 წლით დათარიღებული ისტორიულ წყაროში „შეწირულების დაწერილ გელათის დაკანოზ იაკობისა ხახულის ღვთისმშობლისადმი".
ოკრიბა განთქმულია ისტორიული ძეგლებით. ისინი ყურადღებას იქცევენ თავიანთი მოზაიკით, მოხატულობით, ფრესკული და ლაპიდარული წარწერებით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაშია შესული ბაგრატის ტაძართან ერთად. გარდა გელათისა, მუნიციპალიეტის ტერიტორიაზეა სამონასტრო კომპლექსი მოწამეთა და „ნაქალაქარი". ასევე ჯვარისის, ცუცხვათის და საწირის ციხეები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ზენობნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, X - XI სს., სოფელ კურსებში; ადრეული შუასაუკუნეების ციხე „შეუპოვარი" სოფელ მუხურაში; წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, XI - XII სს., ფრესკები, სოფელ კისორეთში; გვიანი შუასაუკუნეების კოშკი და მთავარანგელოზის კარის ეკლესია, X - XI სს., წმ. გიორგის რელიეფური გამოსახულებით, სოფელ ძიროვანში; მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, XII ს, ბარელიეფი, სოფელ ბუეთში; წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, X ს., ლაპიდარული წარწერები, სოფელ ჯონიაში; მთასაყდარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, X ს., ბარელიეფი, სოფელ ძმუისში; ცხრაჯვარის მთასაყდარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ზღვის დონიდან 1570 მეტრზე, შემორჩენილია კედლების ნაწილები; გვიანი შუასაუკუნეების ციხე სოფელ ცუცხვათში.
ბუნების საოცრებას წარმოადგენს ცუცხვათის კარსტული მღვიმოვანი „მაღარა", რომელიც 13 სართულისაგან შედგება. რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეთა შორის სჭარბობს ე.წ. „თბილი მღვიმეები", რომლებიც საცხოვრებლად გამოუყენებიათ პირველყოფილ ადამიანებს. ეს მღვიმე საკულტო დანიშნულებისათვისაც ყოფილა გამოყენებული, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. მღვიმეში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, აგრეთვე ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები.
ტყიბულში, გარდა გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსისას , მასობრივი ტურიზმის ობიექტად გადაქცევის პერსპექტივა აქვს ცუცხვათის მღვიმოვანს, რომელიც 1974 წლიდან სახელმწიფო ნაკრძალადაა გამოცხადებული და ცხრაჯვარს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულისა და შაორის წყალსაცავების ტერიტორია.