ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიღნაღი
კახეთი
ქალაქი სიღნაღი აღმოსავლეთ საქართველოში, ცივგომბორის ქედის დაბოლოებაზე, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე, თბილისიდან 110 კმ-ზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს. იგი ზემოდან დაჰყურებს ალაზნის ველს  მასთან სიღნაღის შეფარდებითი სიმაღლე 400 მეტრს აღემატება. ალაზნის ვაკე და კავკასიონის შვეულად აღმართული მთები განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის, რაც უამრავ ტურისტს იზიდავს. სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც სტატუსი 1801 წელს განესაზღვრა. მიუხედავად მოსახლეობის მცირე რაოდენობისა (2150 მცხოვრები), იგი კვლავ ასრულებს კახეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული ცენტრის ფუნქციას. 
ქალაქის ჰავა ზომიერად ნოტიოა, თუმცა ზაფხულის თვეებში გამოიყოფა წლიური ნალექების 7,5%, რის გამოც შეინიშნება ტენის დეფიციტი. იანვრის საშუალო ტემპერატურა ოდნავ აღემატება 00-ს, ხოლო ივლისის  +230. ბუნებრივი მცენარეულობა თითქმის გარდაქმნილია. ამჟამად, კულტურულ მცენარეულობასთან ერთად, სიღნაღის მიდამოებში წარმოდგენილია მშრალი ხევებისთვის დამახასიათებელი მცენარეულობის, ნახევრადუდაბნოს, სტეპის, ტყესტეპის (არიდული ტყის) და ფართოფოთლოვანი ტყეების ლანდშაფტები. ამგვარი მრავალფეროვნება საგანმანათლებლო ტურიზმის მნიშვნელოვანი რესურსია.
სიღნაღი და მისი მიდამოები მოფენილია უძველესი ეკლესია-მონასტრებით, ისტორიული ძეგლებითა და მუზეუმებით. მას ყოველწლიურად ათიათასობით მომლოცველი და დამთვალიერებელი ჰყავს. 
სახელწოდება სიღნაღი თურქული წარმოშობისაა და თავშესაფარს ნიშნავს. აქ გამაგრებული ადგილი არსებობდა XIII-XIV სს-დან. სიღნაღის ქალაქად ქცევა დაკავშირებულია ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის სახელთან. მან 1762 წ. დააარსა სამეფო ქალაქი, დაასახლა ვაჭარ-ხელოსანთა 100 ოჯახი და ქალაქს რიყის ქვითა და ცოტა აგურით ნაგები დიდი გალავანი შემოარტყა. სიღნაღის ციხე-გალავანი ერთი-ერთი უდიდესია საქართველოში. მისი სიგრძე 4 კილომეტრამდეა და თითქმის 40 ჰექტარს შემოზღუდავს. გალავანი ორიარუსიანია: ქვედა, ყრუ იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრს, ხოლო ზედა იარუსისა 70-80 სმ-ს აღწევს. ამ კედლების სიგანეთა განსხვავება ქმნის საბრძოლო ბილიკს. გალავანში დატანებულია 23 კოშკი (2-3-სართულიანი, სათოფურებით, ბუხრებითა და საბრძოლო ბაქნებით). თითოეული კოშკი ატარებს მიმდებარე სოფლის სახელს. ციხის გალავანში დატანილია 5 ჭიშკარი, მათგან ცენტრალური  მაღაროსკარი უშუალოდ ციხეს უკავშირდება. სიღნაღის ციხე-გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის ეკლესია.
2005-2008 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის მხარდაჭერით განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაცია. შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მოპირკეთდა ქუჩები, შენობებს დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახე.
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.